სანქცირებული მოსკოვის ბირჟა დოლარით და ევროთი ვეღარ ივაჭრებს

13.06.24 10:22
სანქცირებული მოსკოვის ბირჟა დოლარით და ევროთი ვეღარ ივაჭრებს

პანიკა მოსკოვის სავალუტო ბირჟაზე - დღეიდან რუსეთის უმსხვილეს ფინანსურ სტრუქტურაში  ევროსა და დოლარში ვეღარ ივაჭრებენ.  მიზეზი აშშ-ის მხრიდან ბირჟის სანქცირებაა. შტატებმა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები კიდევ უფრო გააფართოვა, ჩამონათვალში მოხვდა MOEX-ი.

სავალუტო ბაზარზე და ძვირფასი მეტალების ბაზარზე ვაჭრობა ყველა ინსტრუმენტით განხორციელდება, გარდა აშშ დოლარის და ევროსი" - დაწერა რამდენიმე საათის წინ მოსკოვის ბირჟამ.

მათივე ცნობით, "საფონდო და ფულის ბაზრებზე, სტანდარტიზებული წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ბაზარში (SDFI), ვაჭრობა ასევე ხორციელდება ყველა ინსტრუმენტით, გარდა აშშ დოლარის და ევროსი".

მოსკოვის ბირჟის გარდა, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ნაციონალურ კლირინგულ ცენტრს და ნაციონალურ დეპოზიტარს, რომლებიც რუსეთის სავალუტო ბაზარზე დოლარით ვაჭრობისას შუამავლები იყვნენ.

  • მოსკოვის ბირჟა რუსეთის ფინანსური სტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც ბანკები, ბიზნესი და ინვესტორები ვალუტას ყიდულობენ და ყიდიან. რუსეთის ცენტრალური ბანკი სწორედ ამ ვაჭრობის შედეგების მიხედვით ადგენდა ეროვნული ვალუტის, რუბლის კურსს. ახალმა სანქციებმა რეალურად დაარღვია ეს სისტემა. ცენტრალური ბანკი კურსს ახლა საანგარიშო მონაცემებზე დაყრდნობით დაიანგარიშებს.
  • მოსკოვის ბირჟა აწყობს ვაჭრობას აქციებით, ობლიგაციებით, ვალუტით, ფულის ბაზრის ინსტრუმენტებით, ნახშირბადის ერთეულებით, ძვირფასი ლითონებით, მარცვლეულით და შაქრით.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დახმარებისთვის 300-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მსგავსი სიახლეები