ე.წ. ტიტუშკებმა ხელოვანების შევიწროება დაიწყეს - ჩასაფრებაზე კინორეჟისორი, გიორგი თავართქილაძე ალაპარაკდა

13.06.24 12:12
ე.წ. ტიტუშკებმა ხელოვანების შევიწროება დაიწყეს - ჩასაფრებაზე კინორეჟისორი, გიორგი თავართქილაძე ალაპარაკდა

ეგრეთწოდებულმა ტიტუშკებმა ხელოვანების შევიწროება დაიწყეს - ანგარიშსწორებაზე კინორეჟისორი, გიორგი თავართქილაძე ალაპარაკდა.

მოძრაობა "ქართული კინო საფრთხეშიას" წევრი ირწმუნება, რომ 12 ივნისს, კინოცენტრთან გამართული აქციის შემდეგ, საცხოვრებელ სახლთან ნიღბიანები ჩაუსაფრდნენ და მისი დაშინება სცადეს.

გიორგი თავართქილაძე, რომელიც წულუკიანის მსხვერპლთა სიაში ირიცხება, "პირველებთან" მომხდარის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ ორი პირი მას იმ დროს აედევნა, როდესაც მცირეწლოვან შვილთან ერთად ქუჩაში გადაადგილდებოდა.

"მაღაზიაში შევედით. მინდოდა, რომ ეს ადამიანები წასულიყვნენ და შემდეგ გამოვსულიყავით", - დასძენს ხელოვანი და იქვე ამატებს, რომ ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც ზონდერები ჩასაფრებას უწყობენ.

მანქანიდან გადმოსვლისთანავე შევამჩნიეთ, რომ უცნაურად მოქმედებდნენ, მოძრაობდნენ. სიარულის მანერაზე ეტყობოდათ, რომ მინიმუმ 1 პირი მაინც არ იყო ფხიზელი. მაღაზიაში ვაპირებდით შესვლას, შევედით. მინდოდა, რომ ეს ადამიანები წასულიყვნენ და მერე გამოვსულიყავით, მაგრამ არ წავიდნენ. შემდეგ მაღაზიის თანამშრომელმა მოისმინა მათი საუბარი. მსჯელობდნენ, შემოსულიყვნენ ჩემთან თუ არა და წუხდნენ იმაზე, რომ ამდენი ხანი მაღაზიაში ვიყავი შესული. ერთმა მყისიერად შეიცვალა მოძრაობის ტრაექტორია მაშინ, როდესაც დაინახა, რომ ბავშვით ვიყავი. ამ ადამიანს, როგორც ჩანს, ადამიანობის პატარა მარცვალი აღმოაჩნდა და მეორე ეუბნებოდა, რომ დაიკიდე ფეხებზეო", - ამბობს გიორგი თავართქილაძე.

სათვალთვალო ვიდეოკადრებიდან, რომელიც კინორეჟისორის საცხოვრებელთან არის დამონტაჟებული, ირკვევა, რომ ე.წ. ტიტუშკები ადგილიდან საპატრულო პოლიციის მოსვლისთანავე გაქრნენ.

ამოღებული კადრებიდან ასევე მარტივია ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, რომლებიც ჩასაფრებაში მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები