ვანო ჩხიკვაძეს აეროპორტში ტიტუშკა დაახვედრეს, მალევე ადგილზე სამთავრობო მედია გაჩნდა - იმნაძე

14.06.24 18:15
ვანო ჩხიკვაძეს აეროპორტში ტიტუშკა დაახვედრეს, მალევე ადგილზე სამთავრობო მედია გაჩნდა - იმნაძე

 ფონდ  „ღია საზოგადოების” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს, ვანო ჩხიკვაძეს აეროპორტში ტიტუშკა დაახვედრეს, მალევე კი იქ სამთავრობო მედიაც აღმოჩნდა: ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრის წევრი გურო იმნაძე ავრცელებს.

"დღეს ვანო ჩხიკვაძეს ტიტუშკა დაახვედრეს აეროპორტში და ქართული ოცნების სტილში მორიგი სანახაობა დაადგმევინეს. ხომ გასაგებია, რომ ეს ხელისუფლების დადგმული მორიგი სცენა იყო, იმიტომ რომ შეუძლებელია ჩვეულებრივ მოქალაქეს წინასწარ სცოდნოდა, რომელი რეისით და რა დროს ჩამოდიოდა ვანო, და მერე ამ "შემთხვევით მოქალაქესთან" აღმოჩენილიყო ყველა სამთავრობო მედია, რათა ეს სცენა ჩაეწერათ. 
ვანო არის ამ ქვეყნის პატრიოტი, მართლის მთქმელი და სწორი ღირებულებების ადამიანი და უამრავი ადამიანის სიყვარული და პატივისცემა აქვს სწორედ იმის გამო, რომ სიმართლისთვის იბრძვის და ამ ქვეყანას ემსახურება. 
სრული თანადგომა და სოლიდარობა ვანო და ძალიან გული მწყდება, რომ დღეს გვერდში ვერ გედექი" წერს იმნაძე.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე და საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძე ე.წ. მოწმის სტატუსით იყვნენ მიწვეული და სიტყვით გამოვიდნენ. სწორედ ამის შემდეგ, ჩხიკვაძის მიმართ ხელისუფლებამ აგრესიული და დეზინფორმაციული კამპანია გააჩაღა და "მოღალატე" უწოდა.   

მსგავსი სიახლეები