რას ედავებიან დავით ქაცარავას და რა თქვეს პროცესზე მოწმე პოლიციელებმა - სასამართლო სხდომის დეტალები
სამართლებრივი ნონსენსი - დავით ქაცარავას, რომელიც სასტიკად სცემეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ახლა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
თავად ქაცარავა ბრალს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ეს ყველაფერი მის საოკუპაციო ხაზთან საქმიანობის გაგრძელებას უკავშირდება.
ეს ჩემთვის არის პრესინგის და დაშინების მცდელობა. ამით ეს რეჟიმი ცდილობს კვლავ შემაფერხოს, კვლავ შემიქმნას განცდა, რომ მე საშისროების წინაშე ვდგავარ და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აქტიურად დავუბრუნდი საოკუპაციო ხაზთან პატრულირებას. პირდაპირ კავშირში არის აი ამ გამოძახებასთან. 14 მაისის შემდეგ გასული იყო თვენახევარი და მხოლდო და მხოლოდ მაშინ დამიბარეს, როცა სოციალურ ქსელში გავრცელდა ეს ამბები, რაც მე გამოვიტანე ოკუპაციის ხაზთან მიმართებით", - ამბობს დავით ქაცარავა.
სასამართლოში, "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წარმომადგენლის, დავით ქაცარავას ადვოკატებმა, ქაცარავას დაკავების ამსახველი ვიდეოკადრების, საქმეზე მტკიცებულების სახით დართვა მოითხოვეს, რომელიც მოსამართლე ჩაგუნავამ დასაშვებად მიიჩნია.
სხდომაზე შსს-ს თანამშრომლები დაიკითხნენ. საპატრულო პოიციის თანამშრომელმა, რომელმაც უკვე დატოვა დარბაზი, თქვა, რომ დავით ქაცარავა უმისამართდ იგინებოდა საპროტესტო აქციაზე და პოლიციას არ ემორჩილებოდა. რაც შეეხება სახდელის სახეს, მისი განსაზღვრა უწყების წარმომადგენელმა სასამართლოს მიანდო.
ცნობისთვის, პოლიციის მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ საქმეში ქაცარავას დაზარალებულის სტატუსი აქვს.