სამართალდამცველებმა ცრუ ჩვენება მისცეს... მიმდინარეობს პოლიტიკური დაკვეთა - ქაცარავა
დავით ქაცარავა მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინში - "ანტისაოკუპაციო" მოძრაობის ლიდერის საქმის განხილვა გადაიდო. ქაცარავა ამბობს, რომ სამართალდამცველებმა სასამართლო სხდომაზე სიცრუე ილაპარაკეს.
თავად სხდომიდან გამოსულმა შსს-ს წარმომადგენლებმა მედიასთან განმარტება არ გააკეთეს, მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დასმულ კითვებს უპასუხეს.
"ანტისაოკუპაციო" მოძრაობის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ეს საქმე რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაშინების მცდელობას ემსახურება.
ტყუილი ისაუბრეს, სამწუხაროდ და ტყუილი ჩვენება მისცეს. ვსაუბრობდი, აღმოჩნდება, რომ ამ პოლიციელებს სამხრე კამერები გამორთული ჰქონდა და არანაირი მტკიცებულება არ ექნებოდათ და ზუსტად ასეც აღმოჩნდა. ისინი შეეცადნენ, მოსამართლე დაერწმუნებინათ იმაში, რომ მე ვიგინებოდი, ვაყენებდი შეურაცხყოფას. ეს მე მეუბნება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური დაკვეთა აი ამ ხელისუფლების, რომელიც ცდილობს აქტივისტების დაშინებას, დატერორებას და თავისთვის საარჩევნო ველის მოსუფთავებას", - ამბობს ქაცარავა.
ქაცარავა, რომელიც ნიღბიანებმა გაიტაცეს, სასტიკად სცემეს და ამის გამო დაზარალებულის სტატუსიც კი მიანიჭეს, დღეს ცდილობდა მოსამართლისთვის დაემტკიცებინა, რომ მისი დაკავება კანონიერი საფუძვლის გარეშე მოხდა.
"ანტისაოკუპაციო" მოძრაობის ლიდერს, რომელიც სასტიკად სცემეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ახლა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.