თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან ანტივაქსერი თანამშრომელი გაათავისუფლეს

28.07.21 20:03
თბილისის ერთ-ერთი კლინიკიდან ანტივაქსერი თანამშრომელი გაათავისუფლეს

ივანე ბოკერიას სახელობის რეფერალური კლინიკიდან ანტივაქსერი თანამშრომელი გაათავისუფლეს, რომელიც Facebook-ზე კორონას საწინააღმდეგო აცრაზე ცრუ ინფორმაციას  ავრცელებდა.

საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში  აღნიშნულია, რომ მათი თანამშრომელი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას კლინიკის  სახელით  მათთან შეუთანმხებლად ავრცელებდა. ბოკერიას სახელობის რეფერალური კლინიკა თანამშრომლის  ანტივაქსერულ განცხადებას  ემიჯნება.

"ივ. ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი შეშფოთებას გამოთქვამს ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად, კლინიკის სახელით გაკეთებული განცხადების თაობაზე, რომელიც რთულ გლობალურ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ვაქცინაციის წინააღმდეგ არის მიმართული. ასევე, მიუღებელია ფაქტი, როდესაც ვიდეომიმართვაში კლინიკის თანამშრომელი აკნინებს სამედიცინო პერსონალის იმ უმრავლეს ნაწილს, რომელიც ვაქცინაციის პროცესს პანდემიის დამარცხების ერთადერთ გზად მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ ივ. ბოკერიას სახელობის რეფერალური ჰოსპიტალი პანდემიის პირველივე ტალღიდან ჩაერთო კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვაში, სადაც გლობალური ვირუსის პირისპირ აღმოჩენილი მედპერსონალი წელიწადზე მეტია, 24-საათიან რეჟიმში იბრძვის ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

ჰოსპიტლის ადმინისტრაცია გმობს და ემიჯნება მსგავსი ტიპის განცხადებას, მიუღებლად მიაჩნია თანამშრომლობა პირთან, რომლის განცხადებაც რთულ პერიოდში მყოფი სამედიცინო კოლეგების დაკნინებისკენაა მიმართული და, ამავდროულად, შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების საშიშროებას", - წერია კლინიკის  განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ კლინიკის თანამშრომელმა ვიდეო სოციალურ ქსელში  გაავრცელა, რითაც ვაქცინის შესახებ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.