სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული 12-ვე პირი პატიმრობაში დატოვა

29.07.21 15:58
სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული 12-ვე პირი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში კრიმინალური ავტორიტეტების პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. მოსამართლემ 12-ვე პირი პატიმრობაში დატოვა. საქმე ეხება ბიზნესდავის გარჩევის დროს კრიმინალური ავტორიტეტების, მათ შორის, კანონიერი ქურდის, ,,გლეხოვიჩის" ჩართულობას და საკითხის ქურდული წესით გარჩევას. 

სხდომაზე ადვოკატებმა ბრალდებულთა გირაოთი გაშვების შუამდგომლობა მოითხოვა, თუმცა სასამართლოს არვ დააკმაყოფილა. 

მეორე საკითხი, რაც ადვოკატებმა სხდომაზე დააყენეს, იყო მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა, საუბარია ფარულ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებზე, რომლითაც ყველა დაკავებულის ბრალეულობას ადასტურებს. უფლებადამცველების მტკიცებით, პროკურატურამ ყველა ჩანაწერი კანონის დარღვევით მოიპოვა, რადგან ფარულ მიყურადებაზე მოსამართლის განჩინება არ ჰქონდათ. 

პროკურატურის მტკიცებით, გამოძიებას ფარული ჩანაწერის მოსამართლის ნებართვის გარეშე მიღების უფლება ჰქონდა და ამას მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. 

გამოძიება ერთდროულად 3 მუხლით მიმდინარეობს, ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდული სამყაროს წევრისადმი მიმართვა და კანონიერი ქურდობის მუხლით. აქედან ყველაზე დიდი სასჯელი 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

12 პირი სამართალდამცველებმა 10 ივნისს დააკავეს. მეცამეტეს კი, ე.წ. კანონიერ ქურდ ,,გლეხოვიჩს", ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, რადგან ის საზღვარგარეთ იმყოფება.