კომუნიკაციების კომისიამ "ალტ ინფო" სამართალდამრღვევად ცნო

29.07.21 20:07
კომუნიკაციების კომისიამ "ალტ ინფო" სამართალდამრღვევად ცნო

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია "ალტ ინფო" ეთერში უხამსობის შემცველი გადაცემების გამო სამართალდამრღვევად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. 

საქმე ეხება 5, 6, 7 და 12 ივლისს მათ ეთერში გასულ გადაცემებს, სადაც როგორც წამყვანების, ისე მიწვეული სტუმრების, მხრიდან გამოყენებული იყო უცენზურო ლექსიკა და ხდებოდა უხამსობის ტირაჟირება.

კომუნიკაციების კომისიამ გადაცემების ეთერში განთავსების მართლზომიერება შეისწავლა და მიიჩნია, რომ „ალტ ინფოს“ ეთერში განთავსებული გადაცემები შეიცავდა განცხადებებს, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს, არ გააჩნია საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და მეცნიერული ღირებულება და არ შეიძლება იყოს კონტექსტით გამართლებული. „ალტ ინფოს“ გადაცემებში გამოყენებული ლექსიკა ლახავს ადამიანის ღირსებას და ძირითად უფლებებს, რითაც მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობა დაირღვა. გამომდინარე იქიდან, რომ უხამსობის შემცველი გამონათქვამები განთავსდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში, დაირღვა იმ  აუდიტორიის უფლებები, ვისთვისაც მიუღებელი და განსაკუთრებით შემაწუხებელია უხამსობის შემცველი გადაცემის ნახვა და მოსმენა. ამასთან, კანონმდებლობის მიხედვით, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში უხამსობის განთავსება ეწინააღმდეგება მაუწყებლის სრულწლოვანი და არასრულწლოვანი აუდიტორიის უფლებებს.  

უხამსობის საკითხის განხილვისას, კომუნიკაციების კომისია მაუწყებლების მიმართ აყალიბებს ერთგვაროვან მიდგომას, პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესში, კომისიის მიზანს წარმოადგენს სტანდარტების დადგენა და არა მათი სანქცირება. კომუნიკაციების კომისია ცდილობს სტანდარტის დამკვიდრებამდე არ დააკისროს მაუწყებლებს ჯარიმა, მაგრამ დააფიქსიროს დარღვევა თუ ასეთი არსებობს. დარღვევის დაფიქსირება უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რათა საზოგადოებამ და მედიამ სწორად გაითავისოს კანონის პრინციპები და მოხდეს მისი აღსრულება. არსებული პრაქტიკისა და ერთგვაროვანი მიდგომის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ალტ ინფო“ კანონდარღვევის გამო სამართალდამრღვევად ცნო და პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, - ნათქვამია განცხადებაში. 

კომუნიკაციების კომისიამ უხამსობისა და ძალადობის ტირაჟირებისთვის "ალტ ინფო" 15 აპრილს დააჯარიმა.