პროტესტი "ევოლუშენში" - გაფიცულებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა
"ევოლუშენ ჯორჯიას" სათავო ოფისთან საპროტესტო ტალღა დილის 6 საათიდან განახლდა - გაფიცულებსა და დაცვის თანამშრომლებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
დემონსტრანტები "პირველებთან" ინტერვიუში ამბობენ, რომ ადგილზე მობილიზებული დაცვის თანამშრომლები ერთ-ერთ გოგოს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც ახალგაზრდამ დაზიანებები მიიღო და დაშავებულს სასწრაფო პირველად სამედიცინო დახმარებას უტარებდა.
მომიტინგეები მთელი ღამის განმავლობაში სამი მთავარი შესასვლელი ბლოკირებას ცდილობდნენ იმისთვის, რომ კომპანიის შენობაში მოქმედი თანამშრომლები არ შეეშვათ, თუმცა როგორც ერთ-ერთი გაფიცული აცხადებს, პროტესტის გამო თანამშრომლები შენობაში ფარულად მოწყობილი შესასვლელი გზით გადაადგილდებიან.
"ევოლუშენ ჯორჯიამ" რეგიონიდან ჩამოიყვანა დაცვის წევრები, რომელთანაც მოხდა ინციდენტი. ისინი ქალებს ხელით ეხებიან. კაცებს არ გვაინტერესებდა, რომ არ გვზოგავდნენ, მაგრამ ახლა ქალებსაც ხელით ეხებიან. დაგვჭირდა სასწრაფოდ გამოძახება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ყველაფერი არ გადაიზრდება ძალადობაში. ჩვენ ყველანაირად მშვიდობიანობას ვინარჩუნებთ და იმედია, ისინიც შეინარჩუნებენ", - ამბობს გაფიცული თანამშრომელი.
გაფიცულები ამტკიცებენ, რომ მათ რთულ პირობებში უწევთ მუშაობა. ამბობენ, რომ სტუდიებში აქვთ ვენტილაციისა და ტემპერატურის კონტროლის პრობლემა, ხოლო შენობების საპირფარეშოებში ანტისანიტარიაა, სამუშაო ადგილებზე მწერები კბენენ. ხოლო სკამები, რომლებზეც სხედან, ხერხემლის პრობლემებს უქმნით.
დასაქმებულების პროტესტს წინ უსწრებს „ევოლუშენ საქართველოს“ მენეჯერების ჩათის მიმოწერების გავრცელება, სადაც დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება სახეზეა.
ჩანაწერების მიხედვით, ე.წ. თიმმენეჯერები დასცინიან თანამშრომლებს ფრჩხილის სიგრძის, წონის თუ კანის ფერის გამო.
„ევოლუშენ საქართველო“ მენეჯერების შიდა მიმოწერის შინაარსს გაემიჯნა. „დაწყებულია შესაბამისი მოქმედებები, რათა გამოკვლეულ იქნას პრობლემის სათავე და მიიღონ უმკაცრესი ზომები“ - ეწერა განცხადებაში.