აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე სააპელაციო სასამართლოში ინაცვლებს - აფგან სადიგოვი გათავისუფლებას ითხოვს
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე სააპელაციო სასამართლოში ინაცვლებს - აფგან სადიგოვის უფლებადამცველი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გაუშვან ჟურნალისტი 90-დღიან მიგრაციულ პატიმრობაში, ასაჩივრებს.
იურისტი სასამართლოს მტკიცებულებებს 7 დღის ვადაში გადასცემს, სადაც მკაფიოდ იქნება განმარტებული, თუ რატომ არ უნდა გადაეცეს "აზელ ტვ"-ის რედაქტორი აზერბაიჯანს.
დიმიტრი ნოზაძე "პირველებთან" აცხადებს, რომ აფგან სადიგოვს არ გააჩნდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. მეტიც, როგორც ადვოკატი ამბობს, ამ დროის განმავლობაში, ჟურნალისტისთვის არავის დაურეკავს საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებისთვის.
მიგრაციის დეპარტამენტს უნდა მივმართოთ, რადგან ადამიანი ითხოვს თავშესაფარს საქართველოში საერთაშორისო დაცვის. ამან შეიძლება შეაჩეროს ექსტრადირების პროცედურა. ექსტრადირების შემთხვევაში არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ აღნიშნული პიროვნება შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, შეიძლება, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე შეექმნა. მთავარი, რასაც ეყრდნობოდა პროკურატურა, იყო ის, რომ პირი თავს არიდებს გამოცხადებას საგამოძიებო ორგანოებში, თუმცა საქმეში არსად არ გვიდევს, რომ რაიმე უწყება ან გამოძახება ყოფილიყო და აღნიშნული პიროვნება არ გამოცხადებულიყო. ისე აღიძრა საქმე, რომ პიროვნებას წარმოდგენა არ ჰქონდა. 6 თვეა საქმე აღძრეს და შესაბამისად, თუ არავინ დაუკავშირდა, მასაც არ ეცოდინებოდა", - ამბობს დიმიტრი ნოზაძე.
ბაქო-თბილისის პასუხს ელოდება. სამ-თვიანი ვადის ათვლა დაწყებულია. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გუშინ საექსტრადაციო პატიმრობაში დატოვეს. სწორედ 90 დღის შემდეგ უნდა გადაწყდეს, დააბრუნებენ თუ არა აზერბაიჯანიდან წამებასა და დევნას გამოქცეულ აფგან სადიგოვს საკუთარ ქვეყანაში.
"აზელ ტვ"-ის რედაქტორს ხელბორკილები თბილისის ცენტრში დაადეს. სპეცოპერაცია ინგოროყვას ქუჩაზე ჟურნალისტის ცოლის და მისი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ჩატარდა. სადიგოვს აზერბაიჯანული გამოძიება გამოძალვასა და მუქარას ედავება, თუმცა ალიევის მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ რეალური მიზეზი შურისძიებაში იმალება. ამ საეჭვო საქმემ ყველას წარსული და თბილისი ცენტრიდან გატაცებული კიდევ ერთი აზერბაიჯანიდან გამოქცეული ჟურნალისტი გაახსენაა.