სარჯველაძე ადასტურებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში პროექტები შეჩერდა

06.08.24 11:10
სარჯველაძე ადასტურებს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში პროექტები შეჩერდა

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე საგანგებო ბრიფინგზე ადასტურებს, რომ ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში რამდენიმე მიმდინარე პროექტი შეჩერდა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისგან ფინანსდებოდა.

მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რომ საუბარია მაქსიმუმ 2 მილიონი ლარის ირგვლივ. ჯანდაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ მიუხედავად შეჩერებული პროექტებისა, ლუგარის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუშაობას კვლავ შეუფერხებლად განაგრძობს.

"შეჩერებული პროექტების შინაარსი კვლევითი საქმიანობა იყო" - ამბობს სარჯველაძე და ირწმუნება, რომ სტრატეგიული პარტნიორების მიერ დაფინანსებული პროექტების გაყინვის მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელებას ხელი არ ეშლება.

საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ თავისუფალი და ხშირ შემთხვევაში მანკიერი ინტერპრეტაციებით ლუგარის ლაბორატორიის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თითქოსდა მთლიანად დაფინანსების შეწყვეტის და ა.შ.. მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არავითარი საუბარი ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე არ არის. ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას. საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსიც გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ გახლავთ რაიმე ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება და სისტემისთვის გახლავთ მნიშვნელოვანი...

საუბარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 მილიონ ლარის ირგვლივ. აქედანაც ბუნებრივია შეფასება დასჭირდება, შესაძლოა, ეს რიცხვიც არ იყოს. ვინმეს შეცდომაში შეყვანა, რომ 95 მილიონი ლარი შეუწყდა საქართველოს მხარეს, მტკნარი სიცრუეა", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.

ამერიკული დახმარების გარეშე ლუგარის ლაბორატორიაც რჩება. სამეცნიერო პროექტები დაპაუზებულია - რეგიონის უმნიშვნელოვანეს ლაბორატორიაში ადასტურებენ, რომ კვლევებს შეერთებული შტატები აღარ დააფინანსებს.

ლუგარი, რომელიც ამერიკული ფულით აშენდა და რეგიონში ანალოგი არ ჰყავდა გაურკვეველი დროით სამეცნიერო საქმიანობას აჩერებს. ეს კი ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემას, ქვეყნის უსაფრთხოებასაც გამოუსწორებელი ზიანი ადგება.

“ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, ქვეყანა ახალ სკანდალშია. გახსნის დღიდან, ლუგარის ლაბორატორია მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და წლებია, მის დახურვას ითხოვს. საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით კი, ახლა რუსული ოცნება სრულდება. მხოლოდ სახელმწიფოს დაფინანსებით ლუგარი სრულფასოვან მუშაობას ვეღარ განაგრძობს.

შეჩერდება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები, პერსონალის შენახვაც კი შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.