"ვწუხვარ" - სარჯველაძე ლუგარის ლაბორატორიისთვის შეწყვეტილ დაფინანსებაზე
"ვწუხვარ, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება" - ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის გამოყოფილი დაფინანსების შეწყვეტას.
მიხეილ სარჯველაძე დაპაუზებული პროექტების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა "ჩვეულ რიტმს დროულად დაუბრუნდება".
ვწუხვარ, მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ მე ვიტყოდი ორმხრივად, ორივე ქვეყნისთვის იმავდროულად, საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გახლავთ არა მხოლოდ ჩვენი ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, არამედ ეს არის გლობალურად ჯანდაცვის სისტემების მდგრადობის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი გარკვეული ინიციატივები, რომლის განხორციელებაც ყველასთვის თანაბრად საინტერესო და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება ყველა ურთიერთობა და მიზეზი ამ სახის ამ თემასთან დაკავშირებული სიმულაციებისთვის, ყველა ამის მსურველ ადამიანს, მოესპობა", - ამბობს სარჯველაძე.
ამერიკული დახმარების გარეშე ლუგარის ლაბორატორიაც რჩება. სამეცნიერო პროექტები დაპაუზებულია - რეგიონის უმნიშვნელოვანეს ლაბორატორიაში ადასტურებენ, რომ კვლევებს შეერთებული შტატები აღარ დააფინანსებს.
ლუგარი, რომელიც ამერიკული ფულით აშენდა და რეგიონში ანალოგი არ ჰყავდა გაურკვეველი დროით სამეცნიერო საქმიანობას აჩერებს. ეს კი ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემას, ქვეყნის უსაფრთხოებასაც გამოუსწორებელი ზიანი ადგება.
“ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, ქვეყანა ახალ სკანდალშია. გახსნის დღიდან, ლუგარის ლაბორატორია მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და წლებია, მის დახურვას ითხოვს. საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით კი, ახლა რუსული ოცნება სრულდება. მხოლოდ სახელმწიფოს დაფინანსებით ლუგარი სრულფასოვან მუშაობას ვეღარ განაგრძობს.
შეჩერდება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები, პერსონალის შენახვაც კი შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.