დრამატულ პრობლემას ვერ შეგვიქმნის - მინისტრი აშშ-ის დაფინანსების შეწყვეტაზე
"ქართული ჯანდაცვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარი ბიუჯეტით ფინანსდება, ასეთ რყევებს არ შეუძლია დრამატული პრობლემა შექმნას სისტემისთვის" - ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეწყვეტას.
სარჯველაძე ირწმუნება, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვანი პროექტები შეუფერხებლად გაგრძელდეს.
რაც შეეხება ბიუჯეტში სახსრების მართვას, ქართული ჯანდაცვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარი ბიუჯეტით ფინანსდება. მდგრადი სისტემა გახლავთ და ასეთ რყევებს არ შეუძლია დრამატული პრობლემა შექმნას სისტემისთვის. რა თქმა უნდა, შევეცდებით ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მიმდინარეობს ამ დროისთვის თანამშრომლობის ფარგლებში და შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ჯანდაცვისთვის, ყველა შესაძლებლობა მოინახება, მათ შორის ფინანსური, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს”,- აღნიშნა მინისტრმა.
ამერიკული დახმარების გარეშე ლუგარის ლაბორატორიაც რჩება. სამეცნიერო პროექტები დაპაუზებულია - რეგიონის უმნიშვნელოვანეს ლაბორატორიაში ადასტურებენ, რომ კვლევებს შეერთებული შტატები აღარ დააფინანსებს.
ლუგარი, რომელიც ამერიკული ფულით აშენდა და რეგიონში ანალოგი არ ჰყავდა გაურკვეველი დროით სამეცნიერო საქმიანობას აჩერებს. ეს კი ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემას, ქვეყნის უსაფრთხოებასაც გამოუსწორებელი ზიანი ადგება.
“ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, ქვეყანა ახალ სკანდალშია. გახსნის დღიდან, ლუგარის ლაბორატორია მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და წლებია, მის დახურვას ითხოვს. საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით კი, ახლა რუსული ოცნება სრულდება. მხოლოდ სახელმწიფოს დაფინანსებით ლუგარი სრულფასოვან მუშაობას ვეღარ განაგრძობს.
შეჩერდება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები, პერსონალის შენახვაც კი შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.