სარჯველაძე: დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მაქსიმუმ 2 მლნ ლარის დახმარება შეუწყდება

06.08.24 11:23
სარჯველაძე: დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მაქსიმუმ 2 მლნ ლარის დახმარება შეუწყდება

რამდენ ლარიანი დახმარება შეუწყდა დაავადებათა კონტროლის ცენტრს ამერიკის შეერთებული შტატებისგან? - ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ორი მილიონი ლარი დაკარგა.

სარჯველაძე "მტკნარ სიცრუეს" უწოდებს მოსაზრებას, რომ შტატების მხრიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის 95 მილიონი ლარის დახმარება დაპაუზდა.

საუბარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 მილიონ ლარის ირგვლივ. აქედანაც ბუნებრივია შეფასება დასჭირდება, შესაძლოა, ეს რიცხვიც არ იყოს. ვინმეს შეცდომაში შეყვანა, რომ 95 მილიონი ლარი შეუწყდა საქართველოს მხარეს, მტკნარი სიცრუეა”,- აღნიშნა სარჯველაძემ.

ამერიკული დახმარების გარეშე ლუგარის ლაბორატორიაც რჩება. სამეცნიერო პროექტები დაპაუზებულია - რეგიონის უმნიშვნელოვანეს ლაბორატორიაში ადასტურებენ, რომ კვლევებს შეერთებული შტატები აღარ დააფინანსებს.

ლუგარი, რომელიც ამერიკული ფულით აშენდა და რეგიონში ანალოგი არ ჰყავდა გაურკვეველი დროით სამეცნიერო საქმიანობას აჩერებს. ეს კი ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ჯანდაცვის სისტემას, ქვეყნის უსაფრთხოებასაც გამოუსწორებელი ზიანი ადგება.

“ქართული ოცნების“ ანტიდასავლური პოლიტიკის გამო, ქვეყანა ახალ სკანდალშია. გახსნის დღიდან, ლუგარის ლაბორატორია მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და წლებია, მის დახურვას ითხოვს. საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით კი, ახლა რუსული ოცნება სრულდება. მხოლოდ სახელმწიფოს დაფინანსებით ლუგარი სრულფასოვან მუშაობას ვეღარ განაგრძობს.

შეჩერდება არა მხოლოდ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევები, პერსონალის შენახვაც კი შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.