რუსული მეთოდით ცდილობენ, შეაჩერონ აქტიური ადამიანები - ვიტალი გუგუჩია

06.08.24 17:20
რუსული მეთოდით ცდილობენ, შეაჩერონ აქტიური ადამიანები - ვიტალი გუგუჩია

ვიტალი გუგუჩია მოსამართლე ეკატერინე ბებიას მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკან საქართველოს ხელისუფლების კვალს ხედავს - მოქალაქე "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ის გზები და მეთოდები, რომლითაც პროკურატურა რუსული კანონის მოწინააღმდეგეს ედავება, რუსულია.

ვიტალი გუგუჩია დარწმუნებულია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რაც აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიან გირაოს ითვალისწინებს, მისმა გაცხადებულმა სამოქალაქო პოზიციამ განაპირობა. 

ეს არის ჩვეულებრივი ძალიან გამოცდილი რუსული მეთოდი, როდესაც ცდილობენ, რომ "სამართლებრივი გზით", ზონდერების დაშინების გზით შეაჩერონ აქტიური ადამიანები, გამოხატონ თავისი აზრი და არ მიიღონ მონაწილეობა იმაში, რომ ამ ქვეყანაში შეიცვალოს ცხოვრება", - ამბობს ვიტალი გუგუჩია.

უფლებადამცველი რევაზ მიქაია ამბობს, რომ მოცემული გადაწყვეტილების მისაღებად, საქმეში არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა. მეტიც, როგორც ადვოკატი აცხადებს, სასამართლო პროცესის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთმანეთთან შეუთავსებელია. 

პროკურატურამ აპელირება გააკეთა, რომ თითქოს არსებობდა ფორმალურ-ფაქტობრივი საფუძველი. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ არ იყო არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძველი მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენებისთვის. ვინაიდან, როგორც სასამართლოს მოახსენა დაცვის მხარემ, ვიდეო უსაფრთხოების კამერის ჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები აცდენილი იყო ერთმანეთს. სულ სხვა კადრებია კამერებში და სულ სხვა ჩვენება აქვთ მოწმეებს მიცემული", - ამბობს ადვოკატი. 

ზუგდიდის სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა - სასამართლო გუგუჩიას "პოსტივის" ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელშეშლასა და ძალადობას ედავება.

როგორც გუგუჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის გირაოს გადახდას აპირებს და სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ გეგუჩია და მისი ცოლი საზოგადოებამ 29 მაისს გაიცნო, როცა ფორთოხლის სროლის გამო მათ მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად მისული დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე უკან გააბრუნეს.

რამდენიმე დღეში კი ფორთოხლის მაღაზიის მფლობელთან სამეგრელოში, სოფელში, სადაც ხილ-ბოსტნის მაღაზიის მფლობელები იყვნენ ჩასულები - PosTV-ი ჩავიდა.

"ხელის ბიჭი ხარ“, - ისმის ვიდეო-ჩანაწერში, რომელიც 31 მაისს გუგუჩიას მეუღლემ გადაიღო.

„ამბობ სისულელეს, რომლის დამტკიცების სურვილიც არ გაქვს, ტროლი ხარ“, - უთხრა ჩანაწერის თანახმად, ხილ-ბოსტანის გამყოდველმა ჟურნალისტს და გადამღებ ჯგუფს მისი საცხოვრებელი სახლის დატოვებისკენ მოუწოდა.

კადრებში ასახულია, სიტყვიერი დაპირისპირება, ისმის გინება, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

გუგუჩიას ოჯახის ახლობლების თქმით,  ოპერატორმა და გეგუჩიასა და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კადრებში ჩანს, რომ ოპერატორი რამდენიმე ადამიანს ფეხი დაარტყა.  ფიზიკური დაზიანებები მიიღეს ვიტალი გეგუჩიას ცოლმა და ერთ-ერთმა ბავშვმაც.

მომხდარის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება POSTV-ის გადამღები ჯგუფის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტზე დაიწყო.

მსგავსი სიახლეები