16 წლის შემდეგ, ისევ გვიწევს საუბარი ოკუპაციაზე - ომბუდსმენი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
7 აგვისტოს, ომიდან 16 წლისთავზე საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები გორაკა და საკორინთლო მოინახულა, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათი პრობლემები მოისმინა.
სამწუხაროდ 16 წლის თავზე, ჩვენ ისევ გვიწევს საუბარი ოკუპაციაზე, რაც მოქალაქეებისთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის არის ნამდვილად დამანგრეველი.
დამანგრეველი ბევრი თვალსაზრისით. დაწყებული უსაფრთხოებიდან დასრულებული მათი დევნილობით და ამ ყველაფერს საბოლოოდ ართულებს ის გარემოება, რომ პერიოდულად ჩვენ ვხედავთ ისეთ მოვლენებს, სიტუაციის ისეთ გამწვავებებს, როგორიც ვნახეთ კირბალში, სამწუხარო ფაქტი, როდესაც თამაზ გინტური იქნა მოკლული. "-განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
სოფლის მოსახლეობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სარწყავი წყლის არ არსებობას ასახელებს, ასევე მიწების დასამუშავებლად სპეციალურ ტექნიკას ითხოვენ. ახალგაზრდობას არ აქვს სტადიონი, მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის კულტურის სახლი ან რაიმე ტიპის შეკრების ადგილი მოსახლეობისთვის. ასევე პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო სერვისებზე ინფორმირებულობის ნაკლებობა.
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.