არც სკოლა, არც აფთიაქი - რა ვითარებაში უწევთ ცხოვრება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებს?

07.08.24 15:20
არც სკოლა, არც აფთიაქი - რა ვითარებაში უწევთ ცხოვრება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებლებს?

16  წელია, რუსეთი მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს და საქართველოს შუაგულში მავთულხლართებს ავლებს.  მძიმე დღეა ქალაქ გორისთვის, სადაც მოსახლეობის წინააღმდეგ რუსულმა არმიამ 2008 წლის აგვისტოში  კასეტური ბომბები გამოიყენა, რასაც ათობით უდანაშაულო მსხვერპლი მოჰყვა.

მთელი 5 დღის გაუვალობაში რუსული აგრესია და სისასტიკე ხალხმა საკუთარ თავზე გამოცადა. ბორდერიზაცია, მავთულხლართები და ადამიანების გატაცება, ოკუპაციასთან ერთად - ომიდან 16  წლისთავზეც საქართველოს მთავარ პრობლემად რჩება.

მძიმე ვითარებაა  საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს, გორაკასა და საკორინთლოში. ადგილობრივები მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობენ. აოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში წლებია, სურსათის მაღაზია, აფთიაქი და სხვა საჭირო ობიექტები არ აქვთ. სოფელში არ არის სკოლაც. ტანკების გადაადგილების გამო, მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებსს ბზარები გაუჩნდა. 

სარწყავი არ გვაქვს დიდი პრობლემაა სოფელში. ეს დასალევი წყალი, რომ გამოდის ძალაუნებურად მაგას ვხმარობთ. არც სკოლაა, არც ბიბლიოთეკა. ჭალაში დადიან სკოლაში. ჩაირბენენ ხოლმე ტანკები, ჩემს სახლს ნაბზარები გაუჩნდა. შემოწმება, რომ მოვიდა ეგ არაფერი არ არისო.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქე აღნიშნავს, რომ  სოფლებში არ არის სამკურნალო დაწესებულებაც. 

ბევრი რამე აკლია სოფელს, სკოლა არ არის, ამბულატორია არ არის, მაღაზია, აფთიაქი არ არის. შეიძლება, რომ პატარა რაღაც შენობა გაკეთდეს, სადაც იქნება აფთიაქი, სურსათი, რომ არ ვირბინოთ იმ სიშორეზე. 3-4 კილომეტრია.“- განაცხადეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებმა მოქალაქეებმა.

დღეს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა, სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანი საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და  26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.

რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება.  ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.

საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.

მსგავსი სიახლეები