არც ერთი დღე არ ყოფილა მის გარეშე - გიორგი ანწუხელიძის მეუღლე
"16 მძიმე წელი გავიდა გიორგის გარეშე, მაგრამ არცერთი დღე არ ყოფილა, ფაქტობრივად, მის გარეშე" - ამის შესახებ "პირველებთან" რუსი ოკუპანტების მიერ სასტიკად ნაწამები გიორგი ანწუხელიძის მეუღლე საუბრობს.
გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ცოლი საკუთარი მეუღლის თავგანწირულ ბრძოლას იხსენებს და ამბობს, რომ მიუხედავად სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებისა, ანწუხელიძის წამების ამსახველი ვიდეომასალა ამ დრომდე არ უნახავს.
16 მძიმე წელი გავიდა გიორგის გარეშე, მაგრამ არცერთი დღე არ ყოფილა, ფაქტობრივად, მის გარეშე. გიორგი იყო ჯარისკაცი, გამოიძახეს წავიდა ომში, შემდეგ ტყვედ აიყვანეს, არ დაიჩოქა და ამის გამო აწამეს. გამოჩნდა კადრები მისი წამების, ეს კადრები მე დღემდე არ მაქვს ნანახი" – ამბობს გიორგი ანწუხელიძეს მეუღლე.
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად, 8 აგვისტოს აღნიშნავენ.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.