რაც არ მომწონს ამ პოლიტიკის, რუსეთთან დაახლოებაა - მურაზ რომელაშვილი
"რაც არ მომწონს ამ პოლიტიკის, რუსეთთან დაახლოებაა" - ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ძმების, გია და გელა რომელაშვილების მამა "პირველებთან" ისაუბრა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისულმა მურაზ რომელაშვილმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და განაცხადა, რომ მისი შვილების სისხლი მტრის წინააღმდეგ თავგანწირულ ბრძოლაში დაიღვარა.
ჩემი შვილები გორის საჯავშნო ბატალიონში მსახურობდნენ. ისინი იყვნენ ტანკისტები. გია იყო ოცმეთაური. 7-ში შევიდნენ ცხინვალი, მოხდა ბრძოლები და იქ დაიღუპნენ. გვამები არც არსებობს. რაც არ მომწონს ამ პოლიტიკის, არის რუსეთთან დაახლოება. ჩემი შვილების სისხლი დაიღვარა რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში და ისინი არიან მტრები, არა მხოლოდ ჩემი მტერი, არამედ მთელი საქართველოს მტერი", - ამბობს მურაზ რომელაშვილი.
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა - 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაცია, საერთაშორისო სამართლის დარღვევით შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი, ჩაიდინა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, რასაც, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობა და 26,888 ადამიანის (9,081 ოჯახის) იძულებითი გადაადგილება მოჰყვა.
მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად, 8 აგვისტოს აღნიშნავენ.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან მოყენებული ზიანი განგრძობადია. კვლავ პრობლემურია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და ეთნიკური ქართველების შევიწროება. ამასთან, პრობლემად რჩება მცოცავი ოკუპაცია, უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და საოკუპაციო ხაზის მახლობლად მცხოვრებ პირთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები.
საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა, რაც გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევების გახშირებაში გამოიხატება.