"არ გადასცეთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოს" - მესამე სექტორი "ოცნებას"

08.08.24 15:39
"არ გადასცეთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოს" - მესამე სექტორი "ოცნებას"

ქვეყნის გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მიმართავენ და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საექსტრადიციო პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვენ - მესამე სექტორში ამბობენ, რომ ჟურნალისტი ოფიციალურ ბაქოს არ უნდა გადასცენ. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე "პირველებთან" იმ რისკების შესახებ საუბრობს, რაც შესაძლოა, ჟურნალისტის აზერბაიჯანში დაბრუნებამ გამოიწვიოს.

ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ აფგან სადიგოვს სამშობლოში საფრთხე ემუქრება, ამიტომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ოფიციალური ბაქოსთვის მისი გადაცემა საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა იქნება. 

საქმე არის ძალიან საგანგაშო, როდესაც ის საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება და ემუქრება საფრთხე, რომ აზერბაიჯანის მხარეს გადაეცეს ადამიანი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა იმიტომ, რომ მისი საქმიანობის გამო იმ ქვეყანაში დევნის მსხვერპლი იყო. ასეთ დროს, ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული, ცდილობს, რომ ასეთ შემთხვევაში არ გადასცეს და დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც გულისხმობს, რომ არ გადასცე იმ ქვეყანას პირი, სადაც მას ემუქრება არასათანადო მოპყრობა, ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით, ამიტომ საქართველომ, რა თქმა უნდა, არ უნდა გადასცეს სადიგოვი აზერბაიჯანს და თუ ასე მოხდება, ეს იქნება საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა და საქართველოს მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ ის პატივს არ სცემს საერთაშორისო სტანდარტებს", - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

"აზელ ტვ"-ის რედაქტორს ხელბორკილები თბილისის ცენტრში დაადეს. სპეცოპერაცია ინგოროყვას ქუჩაზე ჟურნალისტის ცოლის და მისი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ჩატარდა. სადიგოვს აზერბაიჯანული გამოძიება გამოძალვასა და მუქარას ედავება, თუმცა ალიევის მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ რეალური მიზეზი შურისძიებაში იმალება. 

საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სამთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სწორედ 90 დღის შემდეგ უნდა გადაწყდეს, დააბრუნებენ თუ არა აზერბაიჯანიდან წამებასა და დევნას გამოქცეულ აფგან სადიგოვს საკუთარ ქვეყანაში.

მსგავსი სიახლეები