"პირველების" ინფორმაციით, გურიაში, 70 წლამდე კაცის სასტიკად მკვლელობის ბრალდებით, ყოფილი სამხედრო დააკავეს
სასტიკი მკვლელობა გურიაში - "პირველების" წყაროს ინფორმაციით, 70 წლამდე კაცის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ 40 წლამდე ყოფილი სამხედრო პირი დააკავა. უმძიმესი დანაშაული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2 დღის წინ მოხდა.
როგორც ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, მოკლულის ნაწამები ცხედარი მისივე ფერმაში იპოვეს. მამაკაცს ძალადობის კვალი აღენიშნბება.
სანდო წყაროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სასტიკ მკვლელობას ბრალდებული მობილურით იღებდა.
შემზარავი მკვლელობის მოტივი უცნობია. ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. ამოღებულია მისი კუთვნილი მობილური ტელეფონიც.
tvpirveli.ge თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში ამბობენ, რომ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის დაკავების ფაქტი არ დასტურდება.
განახლება: მკვლელობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1986 წელს დაბადებული დ.ტ.განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1958 წელს დაბადებულ თ.ს.- ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად თ.ს. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს"- წერია განცხადებაში.