ფიზიკური ანგარიშსწორება სოფელ ქესალოში - "ოცნების" დეპუტატს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ
ფიზიკური ანგარიშსწორება სოფელ ქესალოში - "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისლან მამედოვს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ. "პირველების" ინფორმაციით, საჯარო მოხელესა და მის თანასოფლელს შორის კონფლიქტი, სავარაუდოდ, საქორწილო სუფრაზე დაიწყო, შემდეგ კი დაპირისპირება ქუჩაში გაგრძელდა.
როგორც ადგილობრივები "ტვ პირველის" კორესპონდენტს უყვებიან, სოფელში დაზარალებული ამ დრომდე არავის უნახავს, თუმცა "პირველების" ცნობით, საქმეზე გამოძიების დაწყებისთვის პოლიციას სწორედ თავდასხმის მსხვერპლმა მიმართა.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ დაზარალებულმა სამართალდამცავებს ჩვენება უკვე მისცა, თუმცა მოგვიანებით, გამოძიებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებაზე დაზარალებულმა უარი განაცხადა.
სისხლიან ანგარიშსწორებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული.