ვინ მფარველობს კომპანიას, რომელმაც ბათუმში ვარშანიძის ქუჩაზე ხეები ჩააბეტონა - რას ჰყვებიან ადგილობრივები
ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩაზე ხეები ჩააბეტონეს. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ამ ადგილზე სამუშაოები კომპანია "ლიდერ ტრანზიტმა" ჩაატარა, რომელიც იქ საკუთრებას ფლობს და სახელმწიფო ტერიტორიას იტაცებს.
ადგილობრივების განმარტებით, კომპანიამ, რომელსაც სავარაუდოდ, მფარველები ხელისუფლებაში ჰყავს, არაერთი პროტესტის მიუხედავად, მოსახლეობის ინტერესები არ გაითვალისწინა და უფრო მეტიც, ვარშანიძის ქუჩაზე არსებული სკვერის ტერიტორიაც კი მიისაკუთრა.
ამბობენ, კომპანიას დიდი მფარველები ჰყავს, ლავასოღლიც კი დასახელდა, და მისი შიშით ვერაფერს ეუბნებიან. სკვერის ტერიტორია მიისაკუთრა, ხეები ჩააბეტონა. ვისთან არ დავრეკეთ, მერიაში, მუნიციპალურ ინსპექციაში, თუმცა უშედეგოდ. მოსახლეობას აქეთ გვემუქრებიან“, -გვიყვებიან ადგილობრივები.
მათივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლები პროტესტის მონაწილეებს ფიზიკურადაც კი გაუსწორდნენ, მაგრამ ამისთვის არავინ დასჯილა.
დასჯას ვინ ამბობს, რაც უნდათ იმას აკეთებენ. ცენტრალური გზის და სკვერის ნაწილი ხო მიითვისა და არავინ არაფერი თქვა, ახლა ხეებიც ჩააბეტონეს“, - ამბობენ ვარშანიძის ქუჩის მაცხოვრებლები.
ის რომ ვარშანიძის ქუჩაზე უკანონობა ხდება, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაშიც დაგვიდასტურეს. პრესსამსახურის თქმით, მისამართზე მუნიციპალური ინსპექცია მივიდა, შესაბამისი მითითებაც გასცა და უმოკლეს ვადაში ხე მცენარეების მიმდებარედ ბეტონის საფარს მოაცილებენ.
ამ დრომდე, ოფიციალურ უწყებებში "პირველებს" არ პასუხობენ კითხვაზე, დაიწყება თუ არა გამოძიება სახელმწიფო ტერიტორიის მისაკუთრებაზე.
ზარებს არ პასუხობენ ბათუმის მერიაში, კონტაქტზე არ გამოდის კომპანია “ლიდერ ტრანზიტის“ ხელმძღვანელობაც.