აქციაზე დაკავებულების პროცესი - რა ხდებოდა ფრიდონ ბუბუტეიშვილის სასამართლო სხდომაზე?

13.08.24 13:38
აქციაზე დაკავებულების პროცესი - რა ხდებოდა ფრიდონ ბუბუტეიშვილის სასამართლო სხდომაზე?

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე ფრიდონ ბუბუტეიშვილის სასამართლო სხდომა გაიმართა - პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ ორი მოწმე, საქმის გამომძიებელი და პარლამენტის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი დაკითხა.

მოწმეებმა ზოგად გარემოებებზე ისაუბრეს, თუ რა დახვდათ ადგილზე პირველი მაისის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

ადვოკატის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ახალგაზრდას კავშირი დანაშაულებრივ ქმედებასთან, მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ ქვა უშუალოდ ბრალდებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა ისროლა და მანვე დააზიანა 500-ლარიანი ჭიშკარი. 

დაცვის მხარემ "სამართლებრივი აბსურდი" უწოდა სასამართლო პროცესზე წარდგენილ მტკიცებულებებს და განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალა სამართლებრივად არ დამტკიცდება. 

ათეულობით კამერა იყო. როგორ შეიძლება, ამ კამერას არ დაეფიქსირებინა ქვის სროლა და შემდეგ მოხვედრა. აქედან გამომდინარე, ესეც სამართლებრივი აბსურდია. იმ გარემოებებში, როდესაც აბრალებენ, რომ ბუბუტეიშვილმა ქვა ისროლა, მერე გადააფრინა ჭიშკარს, იქ ყველამ ვიცით, რომ რობოკოპები იყვნენ, წყლის ჭავლი იყო და ამ ყველას თურმე გადააფრინა და მოხვდა თურმე ე.წ. დაზარალებულს. ეს ყველაფერი სასამართლოზე, რა თქმა უნდა, სამართლებრივად არ დამტკიცდება", - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.

ცნობისთვის, ფრიდონ ბუბუტეიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. 20 წლის ახალგაზრდას ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან -  სხვისი ნივთის დაზიანებას და ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას. საუბარია, ასევე რკინის ჯებირის დაზიანებაზე და მეხანძრე მაშველისთვის ქვის სროლაზე. ბუბუტეიშვილი ბრალდებას არ აღიარებს და  ამბობს, რომ ქვა ნამდვილად ეჭირა, მაგრამ მას პარლამენტის შენობაში მყოფი მეხანძრისთვის ის არ უსვრია.

მსგავსი სიახლეები