ზუგდიდის მერმა 4 000 ლარი ფარდა-ჟალუზში გადაიხადა, სოციალურად დაუცველს კი არ აქვს შუქი, გაზი - ოპოზიცია

13.08.24 17:31
ზუგდიდის მერმა 4 000 ლარი ფარდა-ჟალუზში გადაიხადა, სოციალურად დაუცველს კი არ აქვს შუქი, გაზი - ოპოზიცია

ხელისუფლების ოპონენტები ზუგდიდის მერიას გულგრილობაში ადანაშაულებენ - ივანიშვილის გუნდის მოწინააღმდეგეები სამეგრელოში დატრიალებულ ტრაგედიაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ადგილობრივი მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს სათანადო ყურადღებას არ აქცევს.

"ევროპული საქართველოს" წევრი, ბესო დონაძე "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება "ფულს ფლანგავს და პირადი კეთილდღეობისთვის იყენებს". 

კორუფციის მკვლევრის თქმით, ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწორიამ 4 000 ლარი საკუთარ კაბინეტში ფარდა-ჟალუზების განახლებაში  დახარჯა.  

მერიის სტრუქტურულ ერთეულებში გაფორმებული არის, ფაქტობრივად, 2 883 ადამიანი. ზუგდიდს არ ეტყობა, რომ 2 883 ადამიანი მუშაობს ყოველ დღე. ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილები ჰყავს ზუგდიდის მერიას. ბევრი ფული იხარჯება თანამშრომლების კომფორტზე. ბოლოს 4 000 ლარი გადაიხადა ფარდა-ჟალუზში წოწერიამ. მერიის პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის, რომ მის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველს არ აქვს შუქი, გაზი", - ამბობს დონაძე.

ტრაგედია ზუგდიდში - საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მცირეწლოვანი ტყუპების სიცოცხლე ემსხვერპლა. ექვსი წლის ბავშვები სახლში და-ძმებთან ერთად იმყოფებოდნენ. ცეცხლი სახლში მოულოდნელად იმ დროს გაჩნდა, როცა მოზარდებს ეძინათ. ორმა მათგანმა გაქცევა მოახერხა, ორმა კი ვერ მოასწრო. 

ადგილობრივების განცხადებით, ბავშვები დედასთან ცხოვრობდნენ, თუმცა უბედური შემთხვევის დროს დედა სახლში არ იმყოფებოდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია.

მსგავსი სიახლეები