სამეგრელოში ძალიან ბევრი ბავშვი არათუ სრულფასოვნად იკვებება, არამედ შიმშილობს - ბელქანია ზუგდიდის ტრაგედიაზე
"სამეგრელოში ძალიან ბევრი ბავშვი არათუ სრულფასოვნად იკვებება, არამედ შიმშილობს" - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ბელქანია "პირველებთან" ინტერვიუში აცხადებს.
თამარ ბელქანია ამბობს, რომ მიუხედავად მაღალი ბიუჯეტისა, ადგილობრივი ხელისუფლება სამეგრელოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკმარის ყურადღებას არ აქცევს.
ძალიან ბევრია სამეგრელოში სოციალურად დაუცველი ოჯახი. ის მოსახლეობის ლამის ნახევარს შეადგენს პროცენტულად. სამწუხაროდ, ქმედითი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან არ აქვს მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ზუგდიდს საკმაოდ მაღალი აქვს ბიუჯეტი. პერიოდულად ხდება ერთი და იგივე სივრცის რეაბილიტაცია. სამეგრელოში ძალიან ბევრი ბავშვი არათუ სრულფასოვნად იკვებება, არამედ შიმშილობს", - ამბობს თამარ ბელქანია.
ტრაგედია ზუგდიდში - საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მცირეწლოვანი ტყუპების სიცოცხლე ემსხვერპლა. ექვსი წლის ბავშვები სახლში და-ძმებთან ერთად იმყოფებოდნენ. ცეცხლი სახლში მოულოდნელად იმ დროს გაჩნდა, როცა მოზარდებს ეძინათ. ორმა მათგანმა გაქცევა მოახერხა, ორმა კი ვერ მოასწრო.
ადგილობრივების განცხადებით, ბავშვები დედასთან ცხოვრობდნენ, თუმცა უბედური შემთხვევის დროს დედა სახლში არ იმყოფებოდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია.