ნარკოტრეფიკის საქმე - შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

13.08.24 18:20
ნარკოტრეფიკის საქმე - შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გავლით, ბულგარეთში შეტანილი 436 კგ ჰეროინის საქმესთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ უწყება ბულგარეთის შესაბამის სამსახურებთან, დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით, კომუნიკაციაში იმყოფება.

მიმდინარე წლის ივლისში, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის“ გავლით, საქართველოს საზღვარი  აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან გადმოკვეთა სატვირთო ავტომობილმა ყაზახეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული მისაბმელით, რომელიც ახორციელებდა კომერციული ტვირთის გადაზიდვას ყირგიზეთიდან საბერძნეთის დანიშნულებით. 

აღნიშნულმა სატვირთო სატრანსპორტო საშუალებამ საქართველოს ტერიტორია დატოვა  ს.გ.პ ბათუმის პორტიდან. 

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მხრიდან გადაზიდვისას გამოყენებულ იქნა ტრანზიტული გადაზიდვების მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ყველა საჭირო პროცედურა. 

ბულგარეთის ქალაქ ბურგასში სატვირთო ავტომობილის მისაბმელში განთავსებულ მეტალის დანადგარებში, აღმოჩენილ იქნა დაახლოებით  436 კგ ჰეროინი,  რომლის ამოღებაც შესაძლებელი გახდა სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით, მეტალის დანადგარის კონსტრუქციის გაჭრის შედეგად.

ამ დროისთვის, უწყება იმყოფება კომუნიკაციაში ბულგარეთის შესაბამის სამსახურებთან დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით“, - წერს შემოსავლების სამსახური.

ბულგარეთში, ბურგასის პორტში ტრაილერიდან  $38 მილიონის ოდენობის 436 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს.

ნარკოტიკი ერთ-ერთი გემის დეკლარირებულ ტვირთში ინახებოდა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი ყირგიზეთიდან საქართველოში შევიდა და შემდგომ ბათუმის პორტიდან ბულგარეთში გადავიდა.

მსგავსი სიახლეები