ომბუდსმენი: სოციალური სისტემა სათანადოდ ვერ პასუხობს ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებს
საქართველოს სახალხო დამცველი ზუგდიდში ხანძრის შედეგად ორი მცირეწლოვანის დაღუპვას ეხმიანება. განცხადებაში ლევან იოსელიანი წერს, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური სისტემა სათანადოდ ვერ პასუხობს იმ ოჯახების ინდივიდუალურ გამოწვევებს, სადაც ბავშვი ან ბავშვები არიან.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ "სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას და უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს ყველა შესაბამის ღონისძიებას შემთხვევაზე რეაგირების პროცესში."
"სამწუხაროდ, ქვეყანაში მწვავედ დგას ბავშვიანი ოჯახების სათანადო გაძლიერებისა და მხარდაჭერის გამოწვევები. არსებული სოციალური სისტემა, მიზნობრივი ცენტრალური/მუნიციპალური პროგრამები სათანადოდ ვერ პასუხობს ბავშვიანი ოჯახების ინდივიდუალურ საჭიროებებს, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის კუთხით, ეფექტურად ვერ უზრუნველყოფს ოჯახების გრძელვადიან გაძლიერებასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას.
სახალხო დამცველი მუდმივად მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ყველა ქმედითი ნაბიჯი სიღარიბეში მყოფი ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების გასაუმჯობესებლად და ისეთი მექანიზმების შესაქმნელად, რომელიც შესაძლებელს გახდის ბავშვთა ეფექტიან დაცვას და ოჯახების გრძელვადიან გაძლიერებას, ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების განუხრელი დაცვის მიზნით." - წერს სახალხო დამცველი.
ტრაგედია ზუგდიდში - საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს მცირეწლოვანი ტყუპების სიცოცხლე ემსხვერპლა. ექვსი წლის ბავშვები სახლში და-ძმებთან ერთად იმყოფებოდნენ. ცეცხლი სახლში მოულოდნელად იმ დროს გაჩნდა, როცა მოზარდებს ეძინათ. ორმა მათგანმა გაქცევა მოახერხა, ორმა კი ვერ მოასწრო.
ადგილობრივების განცხადებით, ბავშვები დედასთან ცხოვრობდნენ, თუმცა უბედური შემთხვევის დროს დედა სახლში არ იმყოფებოდა. ოჯახი სოციალურად დაუცველია.