სახელმწიფოა პასუხისმგებელი იმაზე, რომ არცერთი ბავშვი სიღატაკეში არ იზრდებოდეს - ბაია პატარაია ზუგდიდის ტრაგედიაზე
„საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიაზე ხელისუფლების პასუხისმგბელობას ხედავს. მისი თქმით, სწორედ სახელმწიფოა პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყანაშ არცერთი ბავშვი სიღატაკესა და უშუქობაში არ იზრდებოდეს.
უკიდურეს სიღატაკეზე ვსაუბრობთ ჩვენ ახლა. როდესაც ადამიანს ჩაჭრილი აქვს დენი, გაზი და არასრულწლოვანი ბავშვები ჰყავს და ასეთ მდგომარეობაში ცხოვრობს, ცხადია, პასუხისმგბელობა სახელმწიფოზეა, იმიტომ, რომ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო პასუხისმგებელია ყველა არასრულწლოვან ადამიანზეა, მათ შორის, მათ საცხოვრებელ პირობებზე და იმაზე, რომ არცერთი ბავშვი სიღატაკეში, უშუქობაში არ იზრდებოდეს, - ამბობს ბაია პატარაია.
ზუგდიდში დაღუპულ 6 წლის ტყუპებს გლოვობენ. ძმებმა სახლში გაჩენილ ხანძარს თავი ვერ დააღწიეს და გარდაიცვალნენ. სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს მათი და ძმა, რომლებმაც ალმოდებული ბინიდან გამოსვლა მოასწრეს.
ირკვევა, რომ სოციალურად გაჭირვებულ ოჯახს არც შუქი ჰქონდა და არც გაზი. ხანძარი კი, სავარაუდოდ, დანთებული სანთლიდან გაჩნდა. დედა, რომელიც 4 შვილს ინახავდა, ამ დროს სამსახურში იყო და ბავშვები მარტო იყვნენ სახლში.