“მოვითხოვთ, დეზერტირების ისტორიული ბაზარი გახდეს მუნიციპალური“ - სოციალური სამართლიანობის ცენტრი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი სახელმწიფოს დეზერტირების ისტორიული ბაზრის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების, ბაზრის მშრომელებთან ჯეროვანი კომუნიკაციის წარმართვასა და გრძელვადიანად ამ ტერიტორიის გამოსყიდვასა და მის მუნიციპალურ ბაზრად გადაქცევისკენ მოუწოდებს.
როგორც ცენტრში ამბობენ, ისინი დეზერტირების ბაზრის მშრომელებს შეხვდნენ, რომლებმაც უთხრეს, რომ, ბაზრის ადმინისტრაციისგან მიიღეს სხვადასხვა განმარტება ამ ტერიტორიაზე კომპანიის მომავალ გეგმებთან დაკავშირებით.
თავდაპირველად ითქვა, რომ ამ ადგილას იგეგმებოდა ბაზრის სარემონტო სამუშაოები და მათ მხოლოდ დროებით უნდა დაეტოვებინათ სამუშაო ადგილი. თუმცა, მოგვიანებით ბაზრის ადმინისტრაცია საუბრობდა ამ ტერიტორიაზე დიდი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის იდეაზეც. ამასთან, ბაზარში დასაქმებული ადამიანებისთვის თბილისის მერიის შემოთავაზება, რომ მათ მუშაობა ნავთლუღისა და დიღმის ბაზრებში შეუძლიათ გააგრძელონ, მისაღები არ არის. მათი თქმით, დიღმის ბაზარი ნაკლებად ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის და იქ არც სათანადო ინფრასტრუქტურაა შექმნილი ბაზრისთვის, ნავთლუღის ისტორიული ბაზარი კი ისედაც დიდი ბაზარია და ამ ტერიტორიაზე ბაზრის მასშტაბურ გაფართოებას მათთვის ეკონომიკური სარგებლიანობა არ ექნება.
ბაზრის მშრომელები განმარტავენ, რომ ბოლი დღეებში მათთან მივიდა არაოფიციალური ინფორმაცია, რომ მერია მიმდინარე წლის ბოლომდე გადადებს ბაზრის დახურვის გადაწყვეტილებას. თუმცა ამ დრომდე არ მიუღიათ ოფიციალური პასუხი. სწორედ ამიტომ მშრომელებს სახელმწიფოსთან დღეს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:
1. თბილისის მერიისგან მიიღონ ოფიციალური განმარტება, რომ ბაზრის დახურვა არ მოხდება მიმდინარე წელს;
2. სახელმწიფომ მოახდინოს ისტორიული ბაზრის ტერიტორიის გამოსყიდვა და მისი მუნიციპალურ ბაზრად ქცევა, რომელიც მათ სამართლებრივ და სოციალურ უსაფრთხოებას მოუტანს. აღნიშნული მოთხოვნებით მშრომელებმა უკვე ოფიციალურად მიმართეს კოლექტიური განცხადებით თბილისის მერიას“.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ როგორც მშრომელებმა უთხრეს, ისინი ბაზრის სივრცეებს მოკლევადიანი იჯარით იღებენ და ყოველთვიურ ან ყოველდღიურ მოსაკრებელს იხდიან ამისთვის.
დახლზე მოვაჭრეებს პრაქტიკულად არ აქვთ იჯარის ხელშეკრულებები გაფორმებული, მაღაზიების წვრილი ვაჭრები კი მხოლოდ 1 ან 3 თვიან იჯარის ხელშეკრულებებს დებენ. მშრომელების თქმით, იჯარის ოდენობა საკმაოდ მაღალია და დახლების ყოველდღიური იჯარა დაახლოებით 36 ლარი ჯდება, მაღაზიების კი თვეში 350 ლარი“, - წერია ინფორმაციაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მოიკვლია, თუ ვინ არის ამ ეტაპზე ბაზრის მესაკუთრე და რა ტიპის ბიზნეს თუ პოლიტიკური წრეების ინტერესები ვლინდება ამ საქმეში.
ბაზრის მესაკუთრე 2023 წლის 16 ნოემბრიდან არის შპს "გალერეა არენა". კომპანიის მხრიდან, მიწის შეძენა მოხდა შპს" თბილისი მოლისგან", რომლის ერთ-ერთი მეწილეც არის ხვიჩა მაქაცარია. შპს “თბილისი მოლში”, წილს ფლობენ რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქე და ჰოლდექს ინტერსეილსი, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული.
ხვიჩა მაქაცარია არის CBS ჰოლდინგის დამფუძნებელი და არის არა ერთი მსხვილი ბიზნესის მეწილე, მათ შორის, თელასში, თბილისი ენერჯიში, სელფი მობაილში (ბილაინი), საქართველოს ეროვნულ ლატარიაში, თბილისის მიკროავტობუსების ქსელებში.
"გალერეა არენას" დამფუძნებელი არის კობა ღურწკაია, რომელიც რუსეთ-საქართველოს მოქალაქეა და რეესტრის მონაცემებით არის CBS ჰოლდინგის დირექტორიც. ამ ჰოლდინგის 100 % წილის მფლობელი 2021 წლიდან მარია კოხიაა, ისიც რუსეთის და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა და ხვიჩა მაქაცარიას ცოლია.
კობა ღურწკაიას კომპანია "გალერეა არენა" 2023 წლის 16 ოქტომბერს დაფუძნდა. 2023 წლის 10 ოქტომბერს ამ ტერიტორიაზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს გაცემული აქვს მშენებლობის ნებართვა მე-4 კლასის შენობაზე. 2024 წლის აპრილში მშენებლობის გეგმა და გრაფიკი შეიცვალა, კერძოდ მშენებლობის ვადები 2024 წლის 27 მაისიდან 2027 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით განისაზღვრა. Ამ პერიოდში კომპანიამ ბაზრის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი უნდა ააშენოს.
კობა ღურწკაიას ქართული ოცნებისთვის აქვს გაკეთებული არა ერთი შემოწირულობა, ჯამურად 180 ათასი ლარის ოდენობით. უშუალოდ ხვიჩა მაქაცარიამ კი ღიად დაუჭირა მხარი ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ რუსული კანონის მიღებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ უკვე მიმართეს თბილისის მერიას ოფიციალური წერილით და მოითხოვეს ინფორმაციის მიღება მშენებლობის ნებართვისა და მიმდინარე პროცედურების შესახებ, ასევე ბაზრის დახურვის საკითხზე ოფიციალური გადაწყვეტილების შინაარსის შესახებ.
ჩვენ ვუერთდებით, ისტორიული ბაზრის მშრომელების მთავარ მოთხოვნას და მოვუწოდებთ თბილისის მერიას შექმნას ამ ტერიტორიაზე მუნიციპალური ბაზრის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. მნიშვნელოვანია თბილისის მერიამ ამ პროცესში ჩართოს მშრომელები და სხვა დაინტერესებული პროფესიული, თუ სამოქალაქო გაერთიანებები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.