საკონსტიტუციოს თანამშრომელს, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებდა, სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს

14.08.24 18:06
საკონსტიტუციოს თანამშრომელს, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებდა, სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი, თორნიკე ობოლაშვილი, რომელიც გომელაურის უწყებას უფლება მოსილების გადამეტებაში და ძალადობაში ადანაშაულებდა, სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.

როგორც მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს აღნიშნა, გადაწყვეტილების დასაბუთება დადგენილებაში წერილობით იქნება წარმოდგენილი.

პოლიცია მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომელი, თორნიკე ობოლაშვილი 17 ივლისს  სოციალურ ქსელში წერდა, რომ მიმდინარე წლის 15 ივლისს, მას სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა მოსთხოვეს, ზედაპირულად შეამოწმეს და ჩანთის გახსნა აიძულეს, უარის მიღების შემდეგ კი დაემუქრნენ. 

როგორც ობოლაშვილი აღნიშნავდა, მუქარის შემდეგ, მან მობილურით კადრების გადაღება დაიწყო, რასაც პოლიციელთა მხრიდან აგრესია მოჰყვა, ის ხელაბგადაგრეხილი პოლიციის მანქანაში ჩასვეს და თემქის პოლიციაში გადაიყვანეს. 

მისი მტკიცებით, მუქარა და მისი უფლებების შეზღუდვა პოლიციის განყოფილებაშიც გაგრძელდა, საბოლოოდ, მოტყუებით მობილური ტელეფონი გაახსნევინეს, მისი მოწყობილობა პოლიციელმა გაიტაცა და მასალები წაშალა.

მსგავსი სიახლეები