“ოცნების“ საარჩევნო ყულაბა, მხოლოდ 1 დღეში, ნახევარ მილიონზე მეტი ლარით შეივსო
აგვისტოს თვის პირველ რვა დღეში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ 1,7 მილიონ ლარზე მეტის ოდენობის შემოწირულობა მიიღო. (ეს თანხა თითქმის ხუთჯერ აღემატება დანარჩენი შვიდი პარტიის შემოსავალს).
ანტიკორუფციული ბიუროს ვებსაიტის თანახმად, “ქართულმა ოცნებამ“ აგვისტოში ყველაზე მეტი შემოწირულობა 8 აგვისტოს მიიღო - ამ დღეს პარტიის ანგარიშზე შემოსავლის სახით 553 ათასი ლარი დაირიცხა.
აღსანიშნავია, რომ 1 აგვისტოს, პარტია „ქართულ ოცნებას“ 40 000 ლარი შესწირა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ბანკი ქართუს“ დირექტორმა ნატო ხაინდრავამ.
მმართველ პარტიას 20 000 ლარი შესწირა მადონა მამაცაშვილი-გაგნიძემ, ამ უკანასკნელს სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სამუშაო ადგილად სწორედ ბანკი "ქართუ" აქვს მითითებული.
ოფიციალური მონაცემებით, 40 000 ლარი შესწირა "ოცნებას" გიორგი ჩაკვეტაძემ, 20 000 ლარი შეიტანა მმართველი პარტიის ანგარიშზე მანანა ნადირაძემაც.

შემოწირულობების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა.