მოგვიწევს ისევ სოლიდარობის ჯაჭვის აღდგენა, შეიძლება, დაგვჭირდეს ქუჩების გადაკეტვა - შიმშილობის მესამე დღე ''ევოლუშენში''

15.08.24 11:49
მოგვიწევს ისევ სოლიდარობის ჯაჭვის აღდგენა, შეიძლება, დაგვჭირდეს ქუჩების გადაკეტვა - შიმშილობის მესამე დღე ''ევოლუშენში''

შიმშილობის მესამე  დღე ''ევოლუშენ ჯორჯიაში“- აზარტული თამაშების კომპანიაში გაფიცვა გრძელდება. პროტესტის უკიდურეს ზომას, ამ დროსითვის ოთხი ადამიანი მიმართავს. 

გაფიცულთა თქმით,   აღდგება სოლიდარობის ჯაჭვი და კვლავ შეფერხდება ‘’ევოლუშენ ჯორჯიას’’ მუშაობა. 

შიმშილობის მესამე დღეა, დღეს კიდევ ერთი მოშიმშილე შემოგვიერთდება. გეგმები შეიცვლება დღეიდან, უბრალოდ რაღაცების გაჟღერება ახლა არ შემიძლია. აღდგება ცოცხალი, სოლიდარობის ჯაჭვი და შეფერხდება ‘’ევოლუშენის“ ფუნქციონირება, ისევე როგორც შეფერხდა პირველ რიცხვებში – ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.

აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ პროტესტანტებს მოუწიოთ ქუჩების გადაკეტვა, რადგან მათი თქმით,  კომპანიის ადმინისტრაცია კონტაქტზე არ გამოდის და მოთხოვნებს ამ დრომდე არ ითვალისწინებს: 

დღეს არის გაფიცვის ოცდამეთხუთმეტე, შიმშილის მესამდე დღე. კომპანია ისევ არ გამოდის კონტაქტზე. ჩვენ რადიკალურ გზებს უკვე მივმართეთ, მაგრამ აშკარად საკმარისი ეს არ არის, ამიტომაც მოგვიწევს ისევ სოლიდარობის ჯაჭვის აღდგენა. შეიძლება დაგვჭირდეს ქუჩების გადაკეტვა და სხვა მსგავსი აქტივობები. იმედი მაქვს,რომ კომპანია არ მიიყვანს ამ სიტუაციას ცუდ დონემდე-  ამბობს პროტესტის მონაწილე.

 ცნობისთვის, თანამშრომლების გაფიცვა 3 კვირის წინ დაიწყო, მათი მოთხოვნები ანაზღაურების ზრდა და შრომის ღირსეული პირობების შექმნაა. ისინი კომპანიას თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, კომპანიამ სამუშაო პირობების გადახედვაზე უარი თქვა და თანამშრომლებს შემცირებით დაემუქრა. შესაბამისად, პროტესტიც აზარტული თამაშების წარმდგენი კომპანიის ოფისის წინ არ წყდება. 

 

მსგავსი სიახლეები