"სირცხვილია ყველაფრის პარტიულად თარგმნა" - "საოჯახო მარანი - ოდა" გემო ფესტიდან ჩახსნეს
გემო ფესტივალიდან სამეგრელო ოდა, მარტვილის მარანი და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ადამიანები მოხსნეს - ამის შესახებ ინფორმაციას "საოჯახო მარანი - ოდა" ავრცელებს და Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ ფესტივალიდან მოხსნის შესახებ შეტყობინება გუშინ, მოულოდნელად მიიღეს.
ოდა ვარაუდობს, რომ Gemo Fest-იდან გაცხადებული სამოქალაქო პოზიციის გამო ჩახსნეს - "სირცხვილია ყველაფრის პარტიულად თარგმნა, საზოგადოების "ჩემიანებად" და "დანარჩენებად" დაყოფა".
ძვირფასო ხალხო, ვიცით, რომ ბევრი ელოდით ოდას სამეგრელოს Gemo Fest - გემო ფესტიზე. ჩვენც მოუთმენლად ველოდით თქვენთან შეხვედრას!
სამწუხაროდ, ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო ამბის გაზიარება გვიწევს - გემო ფესტი / სამეგრელო ოდას, მარტვილის მარნის და კიდევ რამდენიმე მოქალაქეობრივად აქტიური, კარგი ადამიანის გარეშე ჩაივლის.
მას შემდეგ, რაც ივლისში ფესტივალის საორგანიზაციო გუნდმა მონაწილეობის მისაღებად მოგვიწვია, შემდეგ - ჩვენთვის ყველაზე დატვირთულ სეზონზე შევძელით და ორჯერ ჩავედით ზუგდიდში ჩვენი კერძებით, მოვიგეთ შეფმზარეულების გულები და მათთან ნაყოფიერად ვიმუშავეთ კერძების განვითარებაზე, გუშინ, საღამოს, მოულოდნელად შევიტყვეთ, რომ ვიღაცამ ფესტივალის სიიდან „მოგვხსნა“.
გემო ფესტი უნდა იყოს ლხინი, საყოველთაო სიხარული და ჩახუტება. სირცხვილია ყველაფრის პარტიულად თარგმნა, საზოგადოების „ჩემიანებად“ და „დანარჩენებად“ დაყოფა. გულითადი მოკითხვა ჩვენგან მათ, ვინც თავისი ვიწრო თვალსაწიერით საზღვრავს, თითქოს, ასეთი გაუქმებებით დაგვსჯის, ან გაგვაჩუმებს.
ასევე, ძალიან. სამწუხარო იქნება, თუ ამ ამბით აღშფოთება პირად საუბრებს არ გასცდება და ხმამაღლა არ დაიგმობა", - ვკითხულობთ განცხადებაში.