გელათი, რომელიც დღეს უნდა გახსნილიყო, დახურულია
გელათი, რომელიც დღეს უნდა გახსნილიყო, დახურულია - ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აქტივისტი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ დროებითი გადახურვის სამუშაოების დასრულების ვადა 15 აგვისტო იყო, თუმცა მონასტერი ამ დრომდე დაკეტილია.
თორნიკე ბარათაშვილის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე არ დასრულებულა და მასშტაბურია სივრცე, სადაც კონსტრუქციები და სახურავი ჯერ კიდევ არ არის მოწყობილი.
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ ახალი დროებითი გადახურვის სამუშაოების დასრულების ვადად 15 აგვისტო იყო დასახელებული.
დღევანდელი მდგომარეობით, სამუშაოები ვერ დასრულდა, მასშტაბურია სივრცე, სადაც კონსტრუქციები და სახურავი ჯერ კიდევ არ არის მოწყობილი.
მეტიც, გარე სამუშაოები გარკვეული პერიოდის მანძილზე სურათზე მოცემულ ნიშნულზეა გაჩერებული.
პროცესის შეჩერევის მიზეზები უცნობია.
კომიტეტის საინფორმაციო პლათფორმაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
რამდენადაც სამუშაოების გეგმა ხელმისაწვდომი არ არის, ძნელი დასადგენია, რა ეტაპზე გაჩნდა შეფერხება.
ერთადერთი მიზეზი, რომ დროის არასწორი გათვლა არ არის, ამაზე ბოლო პერიოდის მანძილზე ფიზიკური სამუშაოების შეწყვეტა მეტყველებს.
ველოდებით კომიტეტის განცხადებას, პროცესში გამოვლენილი პრობლემების, სამუშაოების შეჩერების მიზეზებისა და ახალი ვადების შესახებ", - წერს თორნიკე ბარათაშვილი.
გელათის მცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, მოხსნილია საკურთხევლის აბსიდის დროებითი გადახურვა. ეს სწორედ ის ადგილია, საიდანაც მონასტერში წყალი ჩადიოდა, რის გამოც ღვთისმშობლის უნიკალური მოზაიკა დაზიანდა. გარდა ამისა, გელათისს მცველებმა შენიშნეს მინის სარკმელიც, რომელიც სახურავის კრამიტშია განთავსებული, თუმცა არავინ იცის, როდის დაამონტაჟეს ეს სარკმელი, ან რა დატვირთვა ექნება მას.
ახალი დროებითი გადახურვის სამუშაოები 15 აგვისტომდე იყო დაგეგმილი, რაც გელათის მცველების აზრით, ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში არსებული სამონასტრო კომპლექსისთვის შესაძლოა, განაჩენის ტოლფასი აღმოჩნდეს.