განკარგულება N-1142 - კობახიძემ 2 მილიონი საპატრიარქოს უნივერსიტეტს მისცა
საქართველოს განკარგულება ნომრით 1142 - საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 2 მილიონი საპატრიარქოს უნივერსიტეტს მისცა, რომელსაც პრაქტიკულად მეუფე იაკობი მართავს.
განკარგულება 14 აგვისტოს არის გაცემული და მას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს 2 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაეცემა. ამ თანხის მობილიზება კი პრემიერმა განათლების სამინისტროს დაავალა.
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (ს/ნ: 205233022) ფინანსური დახმარების (2,000,000.00 (ორი მილიონი) ლარი) გაწევის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები”, - ნათქვამია დოკუმენტში.
ექსპერტებს და ოპოზიციას მთავრობის განკარგულება ბევრ კითხვის ნიშანს უჩენთ. "ევროპული საქართველოს" წევრის, ბესო დონაძის თქმით, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ ფულის ჩამორიგება დაიწყო და ამას მთავრობის მიერ ერთი თვის განმავლობაში გაცემული 5 განკარგულება მოწმობს.
მთავრობის განკარგულება ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, იმიტომ, რომ ორგანიზაცია, რომელსაც 2 მილიონი ლარი გადაურიცხა, ეს არის ჩვეულებრივი კომერციული ორგანიზაცია. იგი არ არის სამთავრობო უწყება, რომელსაც ბიუჯეტიდან შეიძლება ფული გადაუხადო. ეს არის წინასაარჩევნოდ გადახდილი ორი მილიონი. თუ ვნახავთ, ვინ არის რექტორი, ამით ყველაფერი იქნება ნათელი. ანუ, ხელისუფლებამ და კონკრეტულად ირაკლი კობახიძემ, უკვე ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით მეხუთე განკარგულება გამოსცა, რომელიც არის წინასაარჩევნოდ ფულის ჩამორიგების განკარგულებები", - აცხადებს ბესო დონაძე.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი, ალექსანდრე ბარამიძე კი ამბობს, რომ მთავრობამ ამ გზით მორწმუნეთა ხმების მობილიზება დაიწყო და სწორედ ამას ემსახურება საპატრიარქოს უნივერსიტეტისთვის წინასაარჩევნოდ ფულის გადაცემაც.
საპატრიარქო "ოცნებას" სჭირდება ზუსტად იმიტომ, რომ საპატრიარქოს მეშვეობით მოხდეს მორწმუნეთა ხმების მობილიზება. საპატრიარქოს აქვს რაღაც გავლენები ეკლესიურ მრევლზე და შესაბამისად, თუ საპატრიარქოს გადაურიცხავ ფულს, რაღაც გარკვეული რაოდენობის ხმები ამით უზრუნველყოფლი გექნება", - ამბობს ბარამიძე.