“დინამოს“ სტადიონს, რომელიც პრემიერმა ამორტიზებულად გამოაცხადა, სრული რეაბილიტაცია 2015 წელს ჩაუტარდა - ახალი დასკვნა არ არსებობს
“დინამოს“ სტადიონის ირგვლივ ვნებათაღელვა არ ცხრება - კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც პემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოულოდნელად, სტადიონი ამორტიზებულად გამოაცხადა და ამ მიზეზით, ერთა ლიგის თამაშის ჩატარება, საქართველო-ჩეხეთს შორის, მესხის სახელობის სტადიონზე გადაწყდა.
ფაქტს გულშემატკივრების პროტესტი უკვე მოჰყვა, რადგან მესხის სტადიონი, “დინამოსგან“ განსხვავებით, პატარაა და მხოლოდ 27 223 მაყურებელს იტევს.
ამასთან, ფეხბურთის მოყვარულებს უჩნდებათ ეჭვი, ნამდვილად გამოუსადეგარია თუ არა, ეროვნული სტადიონი მნიშვნელოვანი მატჩების ჩასატარებლად.
ამის პარალელურად, “პირველებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არ არსებობს კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამას დოკუმენტურად დაადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ „დინამოს“ სტადიონის ამორტიზების შესახებ ინფორმაცია აქამდე არ გავრცელებულა. სტადიონს რეკონსტრუქცია 2023 წლის უეფას ევროპის 21-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატისთვის ჩაუტარდა, რომელსაც საქართველომ რუმინეთთან ერთად უმასპინძლა.
„დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური მატჩებიც (საბერძნეთთან) გამართა.
tvpirveli.ge ს ინფორმაციით, “დინამოს“ ხელმძღვანელობა დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს, რომლის შედეგებიც 2 თვეში გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, “დინამო არენას“ რეაბილიტაცია, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი გამოიყო, 2015 წლის ივნისის ბოლოს დასრულდა.