რას შეეწირა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფი? - “ოცნების“ ყოფილი ძალოვნები შიდა კლანურ დაპირისპირებაზე ალაპარაკდნენ
რას შეეწირა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფი? - მას შემდეგ , რაც ირაკლი კობახიძემ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი, მამუკა ჯანგულაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად ყოფილი უფროსი, გიორგი თვაური დააბრუნა, “ოცნების“ ყოფილი ძალოვნები შიდა კლანურ დაპირისპირებაზე ალაპარაკდნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ვარაუდობს, რომ “ივანიშვილის კარზე კლანებს შორის დაპირისპირებაა“ და საკადრო ცვლილებებს გარკვეული შიშების და უნდობლობის გამო ახორციელებენ.
არსებობს რამდენიმე კლანი ამ ადამიანის გარშემო, რომელიც თვითონ შექმნა და ახლა ამ კლანის ტყვეობაში იმყოფება, ამ ადამიანების ალაპარაკების შედეგებით გამოწვეულ შიშებში, დიახ, ახლა ისეთი მდგომარეობაა “ოცნებაში“, რომ ივანიშვილი საკუთარ დანიშნულ პრემიერს და პარტიის თავმჯდომარეს არ ენდობა, რადგან ეს ადამიანები საზღვარგარეთ დადიან და ვინ რას ლაპარაკობს, კაცმა არ იცის. ჯანგულაშვილი როცა დაინიშნა ამ თანამდებობაზე, ეტყობა არსებობდა ივანიშვილის და ოცნების ნდობა, მაგრამ, როგორც ჩანს ამ შიდა კლანური დაპირისპირების გამო, გაქრა ეს ნდობა და მოხდა მისი ჩანაცვლება უფრო სანდო კადრით“,- აცხადებს მეზვრიშვილი.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებით, ხელისუფლება ცდილობს, არჩევნებამდე ჰყავდეს მის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანი, რომელიც ყველა მათ დავალებას შეასრულებს.
წინა ხელმძღვანელი, ვინც მოხსნეს, ვერ ვიტყვი, რომ რამე გმირობაზე წავიდა, წინააღმდეგობა გაუწია ხელისუფლებას და ამიტომ მოხსნეს, მაგრამ ჩანს, რომ იმდენად მნიშვნელოვანის ამხარუალის ბიურო, რომ პრემიერს მიაჩნია, პერსონალურად, პირადად მის მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანი უნდა ხელმძღვანელობდეს და პირადად მისი დავალებების შემრულებელი უნდა იყოს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
“ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ეს ნიშანავს “კლანების პრძოლას და მძიმე დაპირისპირება აქვთ ერთმანეთში.“
რაც შეეხება “ოცნების“ პოზიციას - მმართველი გუნდის ლიდერი, გია ვოლსკი აბსურდულს უწოდებს ამ ვერსიებს და ამბობს, რომ “ეს არის ხავსი, რომელსაც ეკიდებიან“.
საუბრობენ, რომ სასამართლოში ხელისუფლების გავლენაა, მაგრამ ამის დამადასტურებლად ვერცერთი ქეისი ვერ მოიტანეს, იგივეა ბიუროზეც, ეს არის ხავსი, რომელსაც ეკიდებიან“,- განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის ნაცვლად ბიუროს დაუბრუნდა ყოფილი უფროსი გიორგი თვაური, რომელსაც ხელისუფლებასთან დაახლოებული ე.წ. კახური კლანის წარმომადგენლად მოიაზრებენ.