ანა ნაცვლიშვილი "ევოლუშენ ჯორჯიას" მოშიმშილე თანამშრომლებს შეხვდა
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი "ევოლუშენ ჯორჯიას" მოშიმშილე თანამშრომლებს შეხვდა - გაფიცულმა თანამშრომლებმა, რომლებიც 35 დღეა კომპანიის გულგრილობას აპროტესტებენ, ანა ნაცვლიშვილთან "ევოლუშენ ჯორჯიაში" არსებულ პრობლემებზე იმსჯელეს.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიუღებელია, როცა ქვეყანაში თვეზე მეტია, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს და სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკითხი სამართლიანად გადაწყდეს.
ხელისუფლების პასუხიმგებლობაა, რომ ადამიანები იძულებული არიან პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას მიმართონ საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად.
ამ ხელისუფლების “დამსახურებაა”, რომ ქვეყანას დააკარგინეს 200 000 სამუშაო ადგილი სამართლიანი ანაზღუარებით. შრომით ბაზარზე იმდენად მძიმე ვითარებაა შექმნილი, რომ ადამიანები ხშირად იძულებულნი არიან, დასთანხმდნენ უსამართლოდ დაბალ ანაზღაურებას და მიუღებელ შრომის პირობებს ან წავიდნენ ემიგრაციაში. ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა ათასობით ადამიანს აწუხებს, იმიტომ, რომ ხელისუფლების პრიორიტეტი არ არის ადამიანების დასაქმება სამართლიანი ანაზღაურებით.ჩვენი პრიორიტეტი იქნება დასაქმება, ინვესტორების მოზიდვა, რომლებიც შექმნიან მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, სამართლიანი შრომის პირობებით და ანაზღაურებით. “ძლიერი საქართველო” შექმნის იმ 200 000 სამუშაო ადგილს, რომლის დეფიციტიც “ქართული ოცნების” პირობებში ქვეყანაში არსებობს”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, თანამშრომლების გაფიცვა 35 დღის წინ დაიწყო. მათი მოთხოვნები ანაზღაურების ზრდა და შრომის ღირსეული პირობების შექმნაა. ისინი კომპანიას თანამშრომლების მიმართ არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, კომპანიამ სამუშაო პირობების გადახედვაზე უარი თქვა და თანამშრომლებს შემცირებით დაემუქრა. შესაბამისად, პროტესტიც აზარტული თამაშების წარმდგენი კომპანიის ოფისის წინ არ წყდება.