საკრებულოს სკანდალური გადაწყვეტილება - “ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნესმენს ვაკეში ცათამბჯენის მშენებლობაზე მწვანე შუქი აუნთეს
“ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნესმენი, ნოშრევან ნამორაძე ჭავჭავაძეზე მშენებარე ცათამბჯენზე კიდევ 12 სართულის დამატებას ითხოვს - სწორედ აღნიშნულ საკითხს განიხილავენ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს არის ურბანული გენოციდი და აღნიშნული მშენებლობა, ტერიტორიაზე სატრანსპორტო კოლაფსის გაღრმავებას გამოიწვევს.
კორუფციაზე საუბრობს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამტკიცებს, რომ ეს არის დანაშაული, რადგან ადგილზე სპორტული ინფასტრუქტურა განადგურებულია.
ნამორაძისთვის ამ უსახური შენობისთვის კიდევ 12 სართულის დამატება არ არის ის საკითხი, რომ სატრანსპორტო და ურბანული კუთხით, მოსახლოებას პრობლემები შეექმნება, ეს არის დანაშული, რადგან იქ განადგურდა სპორტული ინფრასტრუქტურა. ამ დოკუმენტაციას, რომელიც ახლა შემოვიდა საკრებულოში, აქვს ექსპეტიზის დასკვნა, სადაც შავით-თეთრზე წერია, რომ ეს ტერიტორია, 18 ათასი კვადრატული მეტრი, რომელიც წულუკიანმა ნამორაძეს 12 მილიონად გადასცა, არის შეფასებული 93 მილიონად. მინიმალური ვალდებულებებით არის გადაცემული ტერიტორია და ფაქტობრივად, აქ იკვეთება კორუფციული ნიშნები, - აცხადებს ლილე ლიპარტელიანი.
“არაფორმალური საარჩევნო ყულაბის“ შევსების მცდელობად აფასებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ “ოცნება მზადაა, თბილისელების ინტერესების საწინააღმდეგოდ, საკუთარ შემომწირველებს დაუკანონოს უკანონო საქმიანობა“.
ამ ტერიტორიაზე ისედაც დაუშვებელი იყო ასეთი მაღალსართულიანი შენობისთვის ნებართვის გაცემა! დღეს კი ამ გადაწყვეტილებით ვითარება როგორც ურბანული, ისე არქიტექტურული და სატრანსპორტო კუთხით კიდევ უფრო დამძიმდება! კიდევ უფრო გაურთულდება ცხოვრება თბილისელებს, რამდენიმე პრივილეგირებული ოჯახი კი კიდევ უფრო გამდიდრდება!
მიუხედავად იმისა, რომ ოცნებისთვის კარგად არის ცნობილი ყველა ის ნეგატიური შედეგი, რაც ურბანული თვალსაზრისით ამ პროექტის განხორციელებამ შეიძლება გამოიწვიოს, ოცნება მზადაა თბილისელების ინტერესების საწინააღმდეგოდ საკუთარ შემომწირველებს დაუკანონოს უკანონო საქმიანობა და არჩევნებამდე ორი თვით ადრე „შავი ფულის“ დაჩქარებული მობილიზებით ცდილობს შეავსოს პარტიის არაფორმალური საარჩევნო ყულაბა!, - ამბობს გიორგი შარაშიძე.
საპირისპიროს ამტკიცებენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ მშენებელობა ქალაქის ურბანულ განვითარებას პრობლემას არ უქმნის და არც ოპოზიციას ეთანხმებიან იმაში, რომ აღნიშნული მშენებლობა, ტერიტორიაზე სატრანსპორტო კოლაფსის გაღრმავებას გამოიწვევს.
ამ კოეფიციენტის მატებაში, რაც ჩაითვალა, რომ არ არის პრობლემა ურბანული თვალსაზრისით, ამ კომპანიას, ვინც არის განმცხადებელი, მოუწევს 20 მილიონი ლარის გადახდა ქალაქის ბიუჯეტში, რაც ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი. და ეს არ არის თანხა, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ მცირედია, ძალიან დიდ თანხაზეა საუბარი
ჩვენ ვერ ვთანხმდებით ოპოზიციასთან, იმასთან დაკავშირებით, როგორი უნდა იყოს სატრანსპორტო პოლიტიკა თბილისში“, - ამბობს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე.