"ევოლუშენ ჯორჯიას" კორპუსი ბლოკირებულია - გაფიცულები 12:00 საათზე საგანგებო ბრიფინგის გამართავენ

19.08.24 11:26
"ევოლუშენ ჯორჯიას" კორპუსი ბლოკირებულია - გაფიცულები 12:00 საათზე საგანგებო ბრიფინგის გამართავენ

"ევოლუშენ ჯორჯიას" ადმინისტრაციული კორპუსი სრულად ბლოკირებულია - აზარტული თამაშების ოპერატორი კომპანიის ვერცერთი თანამშრომელი შენობაში ვერ შედის. 

კომპანიის ადმინისტრაციის მიერ უყურადღებოდ დარჩენილი თანამშრომლები ადგილზე დღეს დილის 6 საათიდან შეიკრიბნენ იმისთვის, რომ სახელმწიფოსთვის უწყვეტი პროტესტის ძალა დაენახებინათ. 

დილის საათების განმავლობაში ადგილზე დაცვის თანამშრომლებსა და გაფიცულებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. რამდენიმე ახალგაზრდამ დაზიანება მიიღო, რის გამოც  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გაწევა საჭირო გახდა. 

"ევოლუშენ ჯორჯიას" ადმინისტრაციიდან ამ დრომდე კავშირზე არავინ არ გამოსულა, ამიტომ პროტესტის ავანგარდში მყოფი ახალგაზრდები დღეს, 12:00 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. 

გაფიცული თანამშრომლები საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმს წაუყენებენ და პროცესში პოლიტიკოსების ჩართვას მოსთხოვენ. პოლიტიკოსებს ვადა 6 საათი ექნებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დემონსტრანტები გზის გადაკეტვას აანონსებენ. 

არ აინტერესებს კომპანიას, არცერთ პასუხისმგებელ პირს ჩვენი და ჩვენი მეგობრების ჯანმრთელობის მდგომარეობა. თვე ნახევარია აქ ვდგავართ, ფინანსურად, ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად ძალიან გვიჭირს. სკამი მომარტყეს მე პირადად ფეხზე. უნდა გამომეცალა ეს სკამი და ერთ-ერთმა თანამშრომელმა ფეხი ჰკრა მაგ დროს და ფეხში მომხვდა მე და ჩემს მეგობარს ფეხში მოგვარტყა. აგრესიულები არიან. 

ხელისუფლებას არანაირი განცხადება არ გაუკეთებია, ადამიანები შიმშილობენ 7 დღეა და პასუხისმგებლობა აქვთ, იმიტომ რომ ამ ქვეყნის დასაქმებულები შიმშილობენ. ასევე დუმს კომპანიაც. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააკეთოს განცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით მოშიმშილეთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად გადავკეტოთ ცენტრალური გზა" - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული. 

Evolution Georgia-ს თანამშრომლები კომპანიას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებენ. მათ უწყვეტი პროტესტი 12 ივლისიდან დაიწყეს და არ აპირებენ შეწყვეტას, მანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. გაფიცულები ითხოვენ ხელფასის 100%-იან ზრდას, ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, სამედიცინო სივრცეს სამუშაო ტერიტორიაზე და სხვა.

მსგავსი სიახლეები