რუსული ზეთი ქართულ ჯარში - ექსპერტებს ხელისუფლებასთან კითხვები აქვთ

20.08.24 15:55
რუსული ზეთი ქართულ ჯარში - ექსპერტებს ხელისუფლებასთან კითხვები აქვთ

თავისუფლების ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს მმართველ გუნდთან კითხვები აქვს და აინტერესებს, რატომ ყიდულობს თავდაცვის სამინისტრო ქართული ჯარისთვის რუსულ ზეთს, როცა შეუძლია, იგივე საფასო კატეგორიაში ქართული ზეთი შეიძინოს.

სალომე ხვადაგიანი შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის “ოცნებასთან“ კავშირზე საუბრობს და ამბობს, რომ კომპანიის მეწილე დაკავშირებულია პარტიასთან, რომელსაც 2017 წელს 180 ათასი ლარი შესწირა.

რატომ ვყიდულობთ რუსულ ზეთს, როცა შეგვიძლია იგივე საფასო კატეგორიაში ქართული ზეთი ვიყიდოთ. პირდაპირი შესყიდვით, ყოველგვარი  კონკურენტების გარეშე, შეიძინეს ეს ზეთი. სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფასთან 24 გამარტივებული შესყიდვა აქვს ამ კომპანიას, არსებობს კომპანია, რომელიც სარგებლობს პრივილეგიებით, მარტივად, კონკურენტების გარეშე სახელმწიფო პირდაპირ მისგან ყიდულობს პროდუქციას. მეწილე, დაკავშირებულია ოცნებასთან და 2017 წელს იყო პარტიის შემომწირველი. 60-60 ათასი ლარები აქვთ გადარიცხული, ჯამში 180 ათასი ლარი“, - ამბობს სალომე ხვადაგიანი.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ თუ ქვეყანა არ არის რუსეთის საკეთილდღეოდ ნაბიჯების გადამდგმელი, მსგავს შესყიდვას არ უნდა აკეთებდეს.

სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა, რომელიც აჭმევს ჯარს, ყიდულობს რუსულ პროდუქციას, მაშინ როცა შესაძლებელია ზუსტად იგივე პროდუქცია იყიდოს ქართული წარმოების, ან ევროპული.  რატომ უნდა გინდოდეს, როცა სახელმწიფო ბიუჯეტის ფულს ხარჯავ და ჯარის კვებას უნდა მოახმარო, წახვიდე და იყიდო რუსული პროდუქცია, თუ შენ არ ხარ რუსეთის საკეთილდღეოდ ნაბიჯების გადამდგმელი“,- ამბობს “კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი, ბესიკ დონაძე.

ქართულმა სახელმწიფომ ჯარისთვის 2024 წლის ივნისში, ტენდერის გამოცხადების გარეშე, რუსული ზეთი ЭФКО შეიძინა - ინფორმაციას თავისუფლების ინსტიტუტის (Liberty Institute) ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსულ ზეთს სახელმწიფო შპს სახელმწიფო კვებითი  უზრუნველყოფის გავლით ყიდულობს, ხოლო აღნიშნული კომპანიის მეწილეებს ქართული ოცნებისთვის 2017 წელს ჯამში 180 ათასი ლარი აქვთ შეწირული.