27 წლის ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - კავლელიშვილის აღიარებითი ჩვენება სასამართლოზე

23.08.24 14:45
27 წლის ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს - კავლელიშვილის აღიარებითი ჩვენება სასამართლოზე

27 წლის ქეთევან ედიბერიძის მკლელობა ჩვილის თანდასწრებით - ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს სასამართლომ ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კავლელაშვილი სასამართლომ დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენის ნაწილში გაამართლა, თუმცა მკვლელობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა განმარტა, გენდერის ნიშნით მკვლელობასთან დაკავშირებით საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობდა, რის გამოც კავლელაშვილი ამ ნაწილში დამნაშავედ არ იქნა ცნობილი.

საღ გონებაზე დანაშაული არ ჩამიდენია - თქვა აღიარებითი ჩვენების დროს გიორგი კავლელიშვილმა.

ჩემ მეუღლეს წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემი შვილის დედას წავართვი სიცოცხლის უფლება, ჩემ შვილს წავართვი დედის ყოლის, დედის სიყვარულის უფლება, რაც ძნელია. თავს არანაირად არ ვიმართლებ, არც თავის არიდებას ვითხოვ, უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი. ეს არის ჩემი საბოლოო სიტყვა, დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ. რაც პროკურორმა ისაუბრა, მოგონილი ამბებია უბრალოდ. განაჩენს სანამ გამოიტანთ, მინდა იცოდეთ თქვენც და ყველამ, რომ საღ გონებაზე ამის გამკეთებელი არ ვიყავი”, - განაცხადა გიორგი კავლელაშვილმა.

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ესწრებოდა მოკლულის დედაც. გარდაცვლილის ოჯახი პირველივე დღიდან სასჯელის მაქსიმალურ ზომას, უვადო პატიმრობას ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

„20 წლის მერე ვინ მომიყვანს ჩემ შვილს? 20 წლის მერე ეს [მსჯავრდებული] გამოვა და მზეს დაინახავს. უვადოს ვითხოვდი და ვითხოვ, ბრძოლას გავაგრძელებ. ჩემი შვილი 6 წლის უნახავი მყავდა, აწი ვეღარ ვნახავ. რატომ მომიკლა შვილი, მიზეზი მითხრას”, - განაცხადა მოკლული ქალის დედამ.

უმძიმესი ფაქტი ვარკეთილში, 9 იანვარს მოხდა. საქმის მასალების თანახმად, გიორგი კავლელიშვილმა ცოლს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.  

ბრალდებულმა მეუღლეს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.