ზუგდიდის საავადმყოფოს ეზოში მრავალწლოვანი ხეები ავტომობილებს დაეცა - სტიქია სამეგრელოში

24.08.24 13:50
ზუგდიდის საავადმყოფოს ეზოში მრავალწლოვანი ხეები ავტომობილებს დაეცა - სტიქია სამეგრელოში

 

დილით მოსულმა უხვმა ნალექმა და ქარბორბალამ ზუგდიდში პრობლემები შექმნა. მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები და გაზსადენი მილები. ქარმა ასევე  საცხოვრებელ კორპუსების სახურავები ნაწილობრივ დააზიანა. 

სტიქიის შედეგად, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში მრავალწლოვანი ხეები წაიქცა და ორი კერძო ავტომობილი დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და სამართალდამცავები, ასევე იმყოფებიან  მერიის შესაბამისი სამსახურები  და  გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ხის წაქცევის შედეგად, ავტომობილი დაზიანდა გამსახურდიას გამზირზეც, შემთხვევის დროს მანქანაში არავინ იმყოფებოდა. 

ამ დროისთვის ქალაქის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. დაზიანებულ ლოკაციებზე მუშაობენ  ენერგო-პრო ჯორჯიას ჯგუფები. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის მოადგილის განცხადებით, ტექნიკა სტიქიის ზონებში გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს და ადგილზე იმყოფებიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.რაც შეეხება ზარალს. მაიზერ ნანავას განცხადებით,  სპეციალური კომისია ითვლის ზარალს.