სრული კოლაფსი რიკოთის უღელტეხილზე - მაგისტრალზე მოსულმა წვიმამ პარალიზება გამოიწვია
სრული კოლაფსი რიკოთზე - უღელტეხილზე მოსულმა წვიმამ ისევ პარალიზება გამოიწვია. ათასობით მგზავრი უსასრულო საცობში მთელი ღამე უძრავად იდგა.
მაგისტრალზე ჩამოსული ლაფისა და წყლის უხვი რაოდენობის გამო, ავტომობილები ვერც წინ ახერხებდნენ გზის გაგრძელებას და უკან სვლაც შეუძლებელი იყო.
მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ხერგილში 7 საათზე მეტიც კი იდგნენ და ადგილიდან ვერ იძროდნენ.
ექსპერტებს უჩნდებათ ეჭვები, რომ საქმე კორუფციულ გარიგებებს ეხება. როგორც სფეროს მკვლევრები "პირველებთან" ამბობენ, საქართველოს ხელისუფლებამ რიკოთის უღელტეხილის სამშენებლო სამუშაოები დაბალ ხარისხში შეასრულა და საავტომობილო გზის გაფართოების პროცედურა სწორედ იმ ჩინურ კომპანიას ანდო, რომელსაც მაღალი კვალიფიკაცია არ გააჩნია.
ძალიან ბევრი ეჭვი არსებობს არა მარტო ხარისხთან, არამედ კორუმპირებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად შესაძლებელია, რომ იყო მიღებული ამ მონაკვეთების მშენებლობისას. ივნისში იყო წვიმა, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ის დიდი ჩინური ჩანჩქერი, რომელიც დავინახეთ მაგისტრალზე და როგორც ჩანს, ეს პრობლემები სულ უფრო და უფრო მეტი იქნება. იმის მაგივრად, რომ "ოცნებას" აეშენებინა ხარისხიანი ინფრასტრუქტურა, აირჩიეს კორუფციული სქემები, ჩინური კომპანიები, რომლებსაც არც კვალიფიკაცია არ ჰქონდათ და დიდი სიამოვნებით მიიღეს იმ კორუფციულ სქემებში მონაწილეობა, რომელიც არსებობს", - ამბობს ექსპერტი.
ცნობისთვის, ძლიერი ნალექის გამო, 24 აგვისტოს, რიკოთის უღელტეხილზე მსუბუქი ავტომობილები და ტრაილერებით საათობით უძრავად იდგნენ.
მომხდართან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ სოფელი ხევის მიმდებარედ, მშენებარე მონაკვეთთან, ძლიერი წვიმის შედეგად, ფერდობიდან წყლისა და ლაფის მასა გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც, გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამ დროისთვის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს.