"სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა" - ინტერვიუ რიკოთის უღელტეხილზე კილომეტრიან საცობში მოყოლილ ადამიანებთან
მოვარდნილი უხვი ნალექი და სრულიად პარალიზებული რიკოთი - კილომეტრიან საცობში მოყოლილი ადამიანები "პირველებთან" ინტერვიუში რიკოთის უღელტეხილზე გატარებულ ჯოჯოხეთურ ღამეს იხსენებენ.
მოქალაქეები ყვებიან, რომ რიკოთის გვირაბში გაუსაძლისი ვითარება და საშინელი უჰაერობა იყო, რის გამოც არაერთი ადამიანი ცუდად გახდა და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
ამასთან, როგორც მოქალაქეები "პირველებთან" ამბობენ, საპატრულო პოლიციის მხრიდან არ ჰქონდათ ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა მაგისტრალზე და რა მიზეზით იყო შეჩერებული მოძრაობა.
დაახლოებით ვიყავით 4 საათნახევარზე მეტი უმოძრაოდ. ხალხი იყო ცუდად. სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდა. სამი ეკიპაჟი მაინც დავინახეთ. სავარაუდოდ, ცუდად იყვნენ, რადგან გვირაბში ვიყავით გაჭედილები და უჰაერობა იყო. ბავშვიანები ვინც ვიყავით, ფაქტობრივად, გამოსალავს ვეღარ ვპოულობდით. ვერც წინ მივდიოდით, ვეღარც უკან. საშინელება იყო. ჯერ ამბობდბნენ, რომ მიწა არის ჩამოშლილიო, მერე ავარია არის მომხდარიო. ეკიპაჟმა მოგვატრიალა უკან და შემოვლითი გზით მოგვიწია წასვლა, თუმცა იქაც დიდი საცობები იყო, რადგან ამხელა ნაკადი ვერ გავიდა ფიზიკურად", - ამბობს მოქალაქე.
სრული კოლაფსი რიკოთზე - უღელტეხილზე მოსულმა წვიმამ ისევ პარალიზება გამოიწვია. ათასობით მგზავრი უსასრულო საცობში მთელი ღამე უძრავად იდგა.
მაგისტრალზე ჩამოსული ლაფისა და წყლის უხვი რაოდენობის გამო, ავტომობილები ვერც წინ ახერხებდნენ გზის გაგრძელებას და უკან სვლაც შეუძლებელი იყო.
მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ხერგილში 7 საათზე მეტიც კი იდგნენ და ადგილიდან ვერ იძროდნენ.