ეს არის პირდაპირი წაქეზება დანაშაულის - "საია" ჩოლოიანის ციხიდან გათავისუფლებაზე

05.08.21 15:26
ეს არის პირდაპირი წაქეზება დანაშაულის - "საია" ჩოლოიანის ციხიდან გათავისუფლებაზე

ლუკა სირაძის ოჯახის უფლებადამცველმა ორგანიზაცია"საიამ" გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ციხიდან მოულოდნელი გათავისუფლება საშიშ პრეცედენტად შეაფასა. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი მიიჩნევს, რომ ჩოლოიანის ვადაზე ადრე გათავისუფლება კიდევ ერთხელ მიუთითებს დამოუკიდებელი  სასამართლო სისტემის არარსებობაზე. 

ეს არის პირდაპირი წაქეზება ნებისმიერი იმ დანაშაულის, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინოს ნებისმიერი ჩვენგანის მიმართ და ისინი დაუსჯელები დარჩნენ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს სამართლიანი გამოძიება და სამართლიანი სასამართლო და რა თქმა უნდა, სასამართლო არის ლოიალური ხელისუფლების მიმართ, ეს ყველაფერი ჩვენ გვიჩენს ეჭვებს, რომ უბრალოდ   ერთ ადამიანზე გადატეხეს ჯოხი, რომ ის საჩვენებლად ჩაესვათ და მალევე გათავისუფლებულიყო", - ამბობს ნიკა სიმონიშვილი. 

გამომძიებელი  ციხიდან დღეს  გამოუშვეს. ბრალდებული, რომელიც სასჯელს 15 წლის მოზარდის მიმართ იძულების ფაქტზე იხდიდა, ვადაზე ადრე უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მისი ადვოკატის მტკიცებით, პატიმარი უდოს კომისიის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  კარგად იქცეოდა. 

ჩოლოიანის გათავისუფლება მოულოდნელი აღმოჩნდა გარდაცვლილი ლუკა სირაძის ოჯახისთვის. სირაძის ძმის თქმით, ჩოლოიანმა გათავისუფლება სისტემაში მომუშავე მეგობრების საშუალებით შეძლო.

მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის 19 დეკემბერს შეუფარდა.

2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ  მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა.ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად  2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.