25 კმ-ზე გადაჭიმული საცობი - ათასობით ადამიანისთვის რიკოთზე გატარებული ღამე კოშმარულ მოგონებად იქცა
25 კილომეტრზე გადაჭიმული საცობი რიკოთზე - ღამე, რომელიც ათასობით ადამიანისთვის კოშმარულ მოგონებად იქცა. ახლადრეაბილიტირებულმა უღელტეხილმა წვიმას ისევ ვერ გაუძლო. სანიაღვრე სისტემებმა უხვი ნალექის გატარება ვერ შეძლო და ტალახიანი მასა პირდაპირ მაგისტრალზე ჩავიდა.
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გვირაბთან ათი საათის განმავლობაში უკონტროლო ვითარება იყო. მგზავრთა ნაწილი გვირაბში გაიჭედა, ნაწილმა კი გვირაბამდე მიღწევაც ვერ შეძლო.
ასობით ავტომობილის დაგროვებამ უჰაერობა გამოწვია. მგზავრებს ექიმების დახმარებაც დასჭირდათ. პარალიზებულ რიკოთზე ღამით მხოლოდ რეანომობილები დადიოდნენ შეუფერხებლად. რიკოთის პარალიზებით საზოგადოება პანიკაში ჩავარდა. ხალხი ოჯახის წევრებთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა, რის გამოც გვირაბში გაჭედილი ნათესავების ძებნა სოციალურ ქსელებში დაიწყო.
მოგვიანებით გზა გაიხსნა, თუმცა რიკოთზე დღესაც უძრაობა იყო. არადა ეს ის გვირაბია, რომლის რეაბილიტაციაშიც მთავრობამ მილიონები დახარჯა, საქმე კი ჩინურ კომპანიას ანდო.