პატიმარი, მძიმე დაზიანებით საკნიდან კლინიკაშია გადაყვანილი - რა მოხდა ქუთაისის ციხეში?
ფიზიკური ძალადობა თუ თვითდაზიანება? - რა მოხდა ქუთაისის ციხეში? პატიმარი, მძიმე დაზიანებით საკნიდან "ვივა-მედის" კლინიკაშია გადაყვანილი.
მსჯავრდებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ ბასილაძე ციხეში თანამესაკნეებმა სასტიკად სცემეს. მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანებების კვალი მთელ სხეულზე ეტყობა. მას ქირურგიული დახმარებაც დასჭირდა.
ოჯახი ამბობს, რომ ციხეში ვიღაც სპეციალურად შეაგზავნეს, რათა ბასილაძე მოეკლა.
პატიმრის ნათესავები პენიტენციური სამსახურისგან სათვალთვალო კამერის ჩანაწერების ჩვენებას ითხოვს.
აქვს რამდენიმე მძიმე დაზიანება. ჩაქცევა აქვს თავში. ბლაგვი საგნით არის მიყენებული დაზიანებები. თვალი ჩალურჯებული ჰქონდა. თბილისში, "ვივა მედში" გადაიყვანეს. გადაყვანის პროცესში შორიდან ვუყურებდი და დავინახე, სულ დასიებული და დალურჯებული იყო. თავის ქალა არის ჩამტვრეული. როცა მივედი საქმის გასარკვევად, მეუბნებიან, რომ პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენაო. ექიმი მეუბნება, არანაირი მსგავსი სიტუაცია აქ არ არისო. ვიღაცა აშკარად შეგზავნილი ჰყავთ და სპეციალურად გაუკეთეს. თუ თავისით მიიყენა, თავში ბლაგვი დანა რანაირად ჩაირტყა? ექიმმა იმედიც არ მოგვცა, არვიცით გადარჩება თუ არა. მკვდარი რომ ყოფილიყო გეტყოდითო, ასე გვეუბენბა ბადრაგი. ვიდეო დაკვირვების ქვეშ იყო და მანახონ კადრები. მოვითხოვ ვითეოთვალის კამერები გამიხსნან და მანახონ". - ამბობს ოჯახი.
პენიტენციური სამსახურშის მტკიცებით კი, პატიმარმა ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით ორივე ხელზე დაზიანებები თავად მიიყენა.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ბრალდებული ნ.ბ. განთავსებული იყო სამეთვალყურეო კამერებით აღჭურვილ საკანში, რომლის საპირფარეშოშიც მან ერთჯერადი სამართებლის გამოყენებით ორივე ხელზე მიიყენა თვითდაზიანება.
თვითაზიანების ფაქტზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწყებულია გამოძიება.
ნ.ბ.-ს დაწესებულებაში ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება და გადაყვანილ იქნა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება და იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ", - წერს პენიტენციური.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა ბასილაძე მართვით სუნთქვაზეა შეერთებული. "ვივა-მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე "პირველებს" ეუბნება, რომ კლინიკა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ პენიტენციურ სამსახურს მიაწვდის.