უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო "ოცნებას" რეპრესიებში ადანაშაულებს - ჯემალ კაშიას ინტერვიუ "პირველებთან"

26.08.24 11:50
უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო "ოცნებას" რეპრესიებში ადანაშაულებს - ჯემალ კაშიას ინტერვიუ "პირველებთან"

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო "ოცნების" ხელისუფლებას რეპრესიებში ადანაშაულებს - ჯემალ კაშია ირწმუნება, რომ პროკურატურამ თაროზე შემოდებული თაღლითობის საქმე გააცოცხლა, ფორსირებულად წარმართა და ქუთაისის სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ქართველი მებრძოლი "პირველებთან" საქმის დეტალების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ წლების წინ ოჯახის ახლობლისგან თანხა ისესხა, მოცემული თანხა დროულად ვერ დაუბრუნა, რის გამოც პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრა. 

"ვისგანაც ფული ვისესხე ის პიროვნება ამბობს, რომ სასამართლოში წარსდგება და იტყვის, რომ არანაირი პრეტენზია არ აქვს" - ამბობს ჯემალ კაშია და აღნიშნავს, რომ დაზარალებული მის წინააღმდეგ გამოძიებას ჩვენებას არ აძლევს და თავს დაზარალებულად საერთოდ არ გრძნობს. 

ამასთან, ჯარისკაცის თქმით, საყურადღებოა, რომ თაღლითობის ბრალდების საქმის ხელახლა წარმოება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადატრიალების მოწყობის საქმის პარალელურად დაიწყეს.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო დარწმუნებულია, რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორების მსხვერპლია და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იდევნება. 

მომდის ესემესი ტელეფონზე, გაგასამართლეთ და მოგეცით 7 წლის თავისუფლების აღკვეთაო. ტელეფონი დამივარდა ხელიდან. ვერ გავიგე საერთოდ რაზე გამასამართლეს. ოჯახმა ისესხა თანხა, თანხა არ დაბრუნდა შესაბამის დროში და თურმე ვითაღლითე მე. თან თანხა ოჯახის ახლობლისგან ვისესხე, ეს არ არის უცხო პიროვნება. არ უჩივლია, ეს პიროვნება ამბობს, რომ მე ჩვეულებრივ წარვსდგები სასამართლოში და ვიტყვი, რომ არანაირი პრეტენზია არ მაქვსო. მანამდე მიკავშირდებოდნენ უშიშროებიდან, თქვენთან გასაუბრება გვინდა, უწყება მოგივათ. სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებით მიბარებდნენ, რომ ვითომ საქართველოში გადატრიალებას ვაწყობდით. სწორედ გადატრიალებასთან დაკითხვის პერიდოში გააქტიურდა სასამართლო პროცესები, როცა საერთოდ მიძინებული იყო და არავის არ ახსოვდა ეს საქმე. პოლიტიკური ნიშნით მომცეს 7 წელი, როდესაც საერთოდ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ვის არ აქვს დღეს საქართველოში ვალი, ვალიდან ვალით ვცხოვრობთ ხალხი საქართველოში, ისეა დამშეული და გამათხოვრებული. ვალის გულისთვის ვის იჭერენ, მაშინ მთელი საქართველო უნდა დაიჭირონ", - ამბობს ჯემალ კაშია.

როგორც ჯემალ კაშიას უფლებადამცველი "პირველებთან" ამბობს, საქმე მეორე ინსტანციის სასამართლოში მას შემდეგ წავა, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დასაბუთებას მიიღებენ. 

ამასთან, ადვოკატი ნათია ჩხეტია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული ჯემალ კაშიას წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, არა სისხლის სამართლის, არამედ სამოქალაქო სამართლებრივი დავა უნდა დაწყებულიყო. 

საქმის გამოძიების და სასამართლოში განხილვის პროცესში დადასტურდა, რომ ჯემალ კაშიას არანაირი თაღლითობა არ ჩაუდენია, მას არავინ არ მოუტყუებია, კეთილსინდისიერად იმოქმედა, მაგრამ სასამართლომ ალტერნატიული სასჯელიც კი არ გამოიყენა ჯარის სახით", - ამბობს ადვოკატი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ქეთევან თხელიძემ ჯემალ კაშიას განაჩენი 16 აგვისტოს გამოუტანა, თუმცა ხაზგასასმელია, რომ 11 აგვისტოს მებრძოლს უკრაინაში, ფრონტის ხაზზე წასვლისა და საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს. 

იმ შემთხვევაში, თუ სატანკო ბატალიონის წევრი საქართველოში დაბრუნდება, მას საზღვარზევე დააპატიმრებენ.